იუსტიციის მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან საგრანტო ხელშეკრულებები გააფორმა

თარიღი: 19 დეკემბერი 2014

19 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 6 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულებები გააფორმა. არასამთავრობო ორგანიზაციები პროექტებს განახორციელებენ კანონთან კონფლიქტში მყოფი და დანაშაულის ჩადენის რისკის ჯგუფს მიკუთვნებული არასრულწლოვნებისთვის. პროგრამა განხორციელდება ყოფილი პატიმრებისთვისაც.

„დღეს ხელი მოვაწერეთ გრანტებს, რომელთაც გასცემს იუსტიციის სამინისტრო. ეს არის 10 ათასი ლარიდან 26 ათას ლარამდე ე. წ. პირველი და მეორე დონის პრევენციისთვის; მაგალითად, იმ ბავშვებისთვის, ვინც, უბრალოდ, ჯერჯერობით ასოციალური ქცევით ხასიათდება, და შეიძლება, თუ არ მიეხედა დროულად, მომავალში შეექმნას პრობლემები, ან უკვე ჩამოყალიბებული დევიანტია და არ აქვს უნარ-ჩვევები იმისა, რომ მოიქცეს საზოგადოებაში კარგად, ისწავლოს, არ არის დაინტერესებული აქტიური ცხოვრებით; და ჩვენ ამ გრანტებს გავცემთ იმისათვის, რომ სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორს შორის შედგეს თანამშრომლობა და ამ პრობლემას ერთად მივხედოთ; ერთი მხრივ, ყოფილ პატიმრებს და, მეორე მხრივ, იმათ, ვისაც შეიძლება ერთ დღეს დაემუქროს, ჩვენდა სამწუხაროდ, ციხე და ეს ყველაფერი ყველამ ერთად უნდა ავიცილოთ თავიდან“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, საზოგადოება „ბილიკი“, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი − GCRT პროექტებს განახორციელებენ კანონთან კონფლიქტში მყოფი და დანაშაულის ჩადენის რისკის ჯგუფს მიკუთვნებული არასრულწლოვნებისთვის. პროგრამა თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში იმუშავებს და მასში მონაწილეობას დანაშაულის პრევენციის ცენტრის 280 არასრულწლოვანი ბენეფიციარი მიიღებს. ისინი სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებაში ჩაერთვებიან. პროგრამა ითვალისწინებს მოზარდებში ანტისოციალური ქცევის პრევენციას და დანაშაულებრივი ქმედების გააზრებას.

პროგრამა განხორციელდება ყოფილ პატიმართათვისაც. 30 ასეთი ბენეფიციარი სტაჟირებას სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციაში გაივლის, რაც მათ პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებას მისცემს.

8 საგრანტო პროექტი ჯამში 107 ათასი ლარით დაფინანსდა. მათ მონიტორინგს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ განახორციელებს.
უახლოეს პერიოდში იგეგმება კიდევ ერთი საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ყოფილი პატიმრების ბიზნესინიციატივების დაფინანსებას ითვალისწინებს. ამისთვის 84 000 ლარია გამოყოფილი.

საგრანტო კონკურსები − „კანონთან კონფლიქტში მყოფი და დანაშაულის ჩადენის მაღალი რისკის მქონე არასრულწლოვნების რესოციალიზაციის მხარდაჭერა“ და „ყოფილ მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა“ − იუსტიციის სამინისტრომ 2014 წლის აგვისტოში გამოაცხადა. საგრანტო პროგრამები იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერაა ინიცირებული. კონკურსის გამარჯვებულები საგრანტო საბჭომ გამოავლინა, რომელშიც სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.