გოჩა ლორთქიფანიძე ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდს აფასებს

თარიღი: 11 დეკემბერი 2014
ჟენევაში,  გაერო-ს ოფისში, ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი დასრულდა. მხარეებმა სამუშაო შეხვედრები ორ ჯგუფში გამართეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებებში იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე მონაწილეობდა. როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში.

„იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდში. კერძოდ, ჩვენი ჩართულობა განსაკუთრებით ინტენსიური იყო ძალის სამართლებრივად მავალდებულებელი ცალმხრივი განცხადების  საკითხზე მუშაობის პროცესში;  ასევე,  მეორე სამუშაო ჯგუფის ფორმატში, სადაც  პრინციპულად დავაყენეთ საკითხები იმ უარყოფითი შედეგების შესახებ, რაც მოაქვს  სოხუმსა და მოსკოვს შორის ბოლო დროს გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას“, − აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
ამასთან, გოჩა ლორთქიფანიძის თქმით,  განხილულ იქნა იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხები.

„კონფლიქტის  ზონაში მცხოვრები მოსახლეობის დაცვის თვალსაზრისით, გაერო-ს ადამიანის უფლებების კომისრის ეგიდით კვლავ წამოვჭერით კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებათა  მისიის მოწვევის საკითხი“, − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
გარდა ამისა, ჟენევის მოლაპარაკებები შეაფასა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ. დონდუას თქმით, მოლაპარაკებების დროს ქართულმა მხარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი დააყენა და მათზე საფუძვლიანი მსჯელობა გამართა.

ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში  9 დეკემბერს  ორმხრივი საინფორმაციო შეხვედრები შედგა,  10 დეკემბერს კი ჟენევის მოლაპარაკებების ძირითადი ნაწილი გაიმართა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებებში ფორმატის შექმნის პირველივე დღიდან მონაწილეობს. სამუშაო ჯგუფში წამოჭრილი ნებისმიერი საკითხის − მათ შორის, ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სწორედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრეროგატივაა.