ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სასწავლო ცენტრში სემინარი მიმდინარეობს

თარიღი: 10 დეკემბერი 2014
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში სამდღიანი სემინარი დაიწყო. სწავლება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ და გერმანიის სამართლებრივი განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ამალია ვუკერტმა გახსნეს. სემინარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“, საერთო სასამართლოსა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის − სამართლიანი სასამართლოს უფლების − თემაზე სემინარის მონაწილეებს ლექცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წაუკითხა.
 
სემინარის თემატიკა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებს უკავშირდება. სწავლების მონაწილეები მოისმენენ ლექციებს სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობისა და სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრების უფლებების შესახებ. მომხსენებელთა შორის იქნებიან ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე ოტო მალმანი და საჯარო მმართველობის ფედერალური პროფესიული სასწავლებლის პროფესორი მიქაელა ვიტინგერი.
 
სემინარის მიზანი კონვენციის უმნიშვნელოვანესი საკითხების მიმოხილვა  და  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებების შესახებ მონაწილეთათვის ინფორმაციის მიწოდებაა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილი უფლებებისა და მათ საფუძველზე ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ცოდნა და გამოყენება ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემისა და სამართლის განვითარებას საქართველოში.
 
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული სემინარი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და  გერმანიის სამართლებრივი განვითარების ფონდის (IRZ) მხარდაჭერით იმართება.  
 
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან აღინიშნება.  1948 წლის 10 დეკემბერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღედ სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი დაწესდა.
 
1948 წელს მიღებული დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. ამ დოკუმენტით გათვალისწინებულია სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებები, გარანტირებულია მიმოწერის საიდუმლოება, მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ დაცვის უფლება და სხვ. დეკლარაციამ  ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას ჩაუყარა  საფუძველი.