იუსტიციის სამინისტრომ არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარებისათვის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადა

თარიღი: 10 დეკემბერი 2014
საქართველოში არბიტრაჟის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, სანდოობისა და პოპულარობის გაზრდისა და ამ ინსტიტუტის განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით არბიტრაჟის საქმიანობასთან დაკავშირებულ რამდენიმე კანონში ცვლილებები მომზადდა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს, 10 დეკემბერს, მთავრობას იუსტიციის მინისტრმა წარუდგინა. კანონთა პროექტის მიხედვით, ცვლილებები  „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა“ და  „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ შედის.

„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, დავის გადასაწყვეტად მხარეები შეძლებენ, მიმართონ კონკრეტულად ამ დავის განხილვისათვის შექმნილ არბიტრაჟს. დღესდღეობით, დავების განხილვის უფლება მხოლოდ მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებებს აქვთ. იმ შემთხვევაში, თუკი საარბიტრაჟო შეთანხმების ორივე მხარე ფიზიკური პირია, კანონი აღარ დაავალდებულებს მათ, საარბიტრაჟო შეთანხმება დაამოწმონ მხარეთა ადვოკატების ხელმოწერით ან სანოტარო წესით. შესაბამისად, ფიზიკური პირები თავისუფლდებიან საადვოკატო ან ნოტარიული მომსახურების ხარჯისაგან. საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, მარტივდება საქმის წარმოების შეწყვეტის პროცედურა სასამართლოებში, განისაზღვრება არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის წესი იმ შემთხვევებისთვისაც, როდესაც მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცედურის შესაბამისად ვერ ხერხდება არბიტრის დანიშვნა, იზრდება  არბიტრის აცილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადებიც.

ზუსტდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.  ცნობილი და აღსრულებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება იმავე საფუძვლით, რომლითაც მხარის მიერ მოთხოვნილ იქნა, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა შეუძლებელი იქნება; ასევე, დაუშვებელი იქნება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვა იმავე საფუძვლით, რომლითაც ითხოვდა მხარე აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებაზე, ისევე როგორც ცნობასა და აღსრულებაზე, უარის თქმა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც ექცევა არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც სცილდება არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“  კანონში ცვლილებებით მცირდება სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის განხილვისათვის. ის  150 ლარით განისაზღვრება. ასევე, მცირდება სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იმ საკითხებზე, რომლებშიც საარბიტრაჟო განხილვა საჭიროებს სასამართლოს ჩართულობას. ამ შემთხვევაში ბაჟის ოდენობა 50 ლარით განისაზღვრება. ცვლილებები მხარეთათვის არბიტრაჟის, როგორც დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმის, გამოყენებას ფინანსურად მომგებიანად აქცევს.
ცვლილებები შედის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშიც“. საქართველოსა და უცხო ქვეყნის არბიტრაჟის წევრები მოხელესთან გათანაბრებული პირები აღარ იქნებიან. დღეს მოქმედი ნორმის თანახმად, კოდექსი  უკლებლივ ყველა სამოხელეო დანაშაულის სუბიექტად/მოხელესთან გათანაბრებულ პირად მიიჩნევს საქართველოსა და უცხო ქვეყნის არბიტრაჟის წევრებს; იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით კი არბიტრები იქნებიან არა ყველა სახის სამოხელეო დანაშაულის, არამედ მხოლოდ ქრთამის აღებასა და მიცემასთან („საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 338-ე და 339-ე მუხლები) დაკავშირებული დანაშაულის სუბიექტები (მოხელესთან გათანაბრებული პირები). სამოხელეო დანაშაულის თავიდან საქართველოსა და უცხო ქვეყნის არბიტრაჟის წევრების ამოღება ამცირებს უსაფუძვლო საჩივრების წარდგენის შესაძლებლობას სასამართლოში და აძლიერებს არბიტრაჟს, როგორც დავის მოგვარების დამოუკიდებელ მექანიზმს.

რაც შეეხება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ განსახორციელებელ ცვლილებებს, ის „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებებიდან გამომდინარეობს და კოდექსის მასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.