ავტობუსის ჯარიმებიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ სახდელებზე ამნისტია ცხადდება

თარიღი: 10 დეკემბერი 2014
მთავრობის სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი განიხილეს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ამნისტიას ითვალისწინებს. ამნისტიის კანონის პროექტის მიხედვით, დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისაგან სრულად თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც უბილეთოდ იმგზავრეს მუნიციპალური ტრანსპორტით და ეს სამართალდარღვევა 2014 წლის 10 დეკემბრამდე ჩაიდინეს. საერთო ჯამში, სახელმწიფო სამართალდამრღვევებს მილიონ ორასი ათასამდე ლარის გადახდის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს.

ჯარიმებისაგან 20850 პირი თავისუფლდება − ამჟამად იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობასთან დაკავშირებით  21000-ზე მეტი საქმე. მნიშვნელოვანია, რომ იმ პირთა დიდი უმრავლესობა, რომელთაც მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისათვის ჯარიმა დაეკისრათ, სოციალურად დაუცველი, პენსიონერი ან სტუდენტია. სახდელისაგან გათავისუფლება, ერთი მხრივ, მოქალაქეებს მცირედ ფინანსურ შეღავათს მისცემს, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოსაც გაათავისუფლებს ასეთი საქმეების აღსრულებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი ოდენობის ადმინისტრაციული რესურსის ფუჭად ხარჯვისაგან.