დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართველოში სასამართლო სისტემის მუშაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა

თარიღი: 09 დეკემბერი 2014
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) საქართველოში სასამართლო სისტემის მუშაობაზე დაკვირვების შედეგად ანგარიშს აქვეყნებს. მონიტორინგი სასამართლო დარბაზებში 2013 წლის გაზაფხულიდან ხორციელდებოდა და მოიცავდა 14 გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეს.

დღეს გამოქვეყნებული თითქმის 150-გვერდიანი ანგარიში ნათლად წარმოაჩენს სასამართლო სისტემის შიგნით არსებულ ხარვეზებს და ადასტურებს იმ რეფორმების აუცილებლობას, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით 2012 წლის ნოემბრიდან დაიწყო და კვლავაც ხორციელდება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პროექტის მიმდინარეობისას „ODIHR“-თან საქართველოს ხელისუფლებამ კარგად ითანამშრომლა და აჩვენა, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დახვეწას უწყვეტი რეფორმების გატარების გზით ახორციელებს.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ის მხოლოდ პრობლემურ საკითხებს მოიცავს და საერთოდ არ ასახავს საქართველოს სისხლის სამართლისა და პრაქტიკის იმ ასპექტებს, რომლებიც შესაბამისობაში იყო საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან.
მიმდინარე საკითხებს შორის ხაზგასმულია ის დადებითი ცვლილებები, რომლებიც შედეგია იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების რეფორმის პირველი ეტაპისას. კერძოდ, დადებითადაა შეფასებული სასამართლო დარბაზებში ვიდეოკამერების დაბრუნება, რამაც სასამართლო პროცესებზე საზოგადოებას მონიტორინგის შესაძლებლობა და პროცესების გამჭვირვალობა შესძინა. ანგარიშში ჩამოთვლილი პრობლემების ნაწილი კი აჩვენებს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული რეფორმის შემდეგი ეტაპების განხორციელების აუცილებლობას, რამაც მოსამართლეთა შიდა დამოუკიდებლობას უნდა შეუწყოს ხელი.

ანგარიშში არსად არის დაფიქსირებული რაიმე პრობლემა სასამართლო ხელისუფლებაზე გარე ზეწოლის რაიმე ფაქტის ან აღქმის შესახებ. ეს საკითხი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებულია. თუმცა, მოსამართლეთა შიდა დამოუკიდებლობა, რაც ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას გულისხმობს სასამართლოს ხელისუფლების მესვეურებისგან, განმტკიცებას საჭიროებს, და ეს ანგარიშშიც არის ასახული. ამ საკითხის გადაჭრას ემსახურება სწორედ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეფორმის მესამე ტალღა, რის შესახებაც ვენეციის კომისიამ ახლახან მიიღო დადებითი დასკვნა.

სასამართლო სისტემის შიგნით მოსაგვარებელ ხარვეზებს შორის მოხსენიებულია მოსამართლეთა ერთი სასამართლოდან მეორეში გადაყვანის დაუშვებელი პრაქტიკა, მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილების გაუმჭვირვალე პროცედურა, ასევე, მოსამართლეთა შეცვლა მიმდინარე საქმეების  წარმოების პროცესში ყოველგვარი განმარტების გარეშე და სხვ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დღეისათვის არსებული ეს პრაქტიკა „მანიპულირებისა და ჩარევის შესაძლებლობას წარმოქმნის“. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღა სწორედ ამ საკითხების დარეგულირების მკაცრ, გამჭვირვალე და სამართლიან პირობებს ითვალისწინებს. 

სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში, ასევე, ბევრ იმ საკითხზე იმუშავა და მუშაობს იუსტიციის სამინისტრო, რაც მოწმის, დაზარალებულის, ბრალდებულისა და მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე სხვა პირების უფლებებისა და მოვალეობების საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით დაცვას და რეგულაციას ითვალისწინებს.

ანგარიშში საუბარია იმ პრობლემებზეც, რომლებიც შესაძლოა, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნამ ამავე მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხს შეუქმნას. თუმცა, იუსტიციის სამინისტრო გამოსაცდელი ვადის შემცირების ან გაუქმების იდეას ვერ დაეთანხმება. მთელი ანგარიში ნათლად აჩვენებს, რომ დღეს მოქმედ მოსამართლეთა ნაწილს აქვს ისეთი ელემენტარული ტიპის ხარვეზები, როგორიცაა, მაგალითად, დარბაზის მართვისა და პროცესის ჯეროვნად წაყვანისათვის საჭირო უნარ-ჩვევების არარსებობა; არცოდნა ან სურვილის უქონლობა, უზრუნველყოს მხარეთა თანასწორობა, და ა.შ.

იუსტიციის სამინისტრო თვლის, რომ ეს და სხვა მრავალი ის ხარვეზი, რომლებზეც ამ ანგარიშშია საუბარი, არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოქმედი მოსამართლეები პირდაპირი წესით უვადოდ გადაინიშნონ. სწორედ ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ შემოდგომაზე შექმნა შეფასების სისტემის სახით ისეთი მყარი სამართლებრივი საფუძველი, რაც უვადოდ მხოლოდ ისეთი ახლად დანიშნული მოსამართლეების გამწესებას უზრუნველყოფს, რომლებსაც მაღალი პროფესიონალიზმი, პრინციპულობა, მიუკერძოებლობა, მორალური ღირებულებები აქვთ. შეფასების მსგავსი სისტემა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაშიც, მოქმედებს და არა მხოლოდ ახლად დანიშნული, არამედ ყველა მოქმედი მოსამართლის შეფასებას ითვალისწინებს.

საქართველოს მოქალაქეებისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისათვის და  არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად ანგარიშში აღმასრულებელ ხელისუფლებას − 3, ხოლო პროკურატურას 4 რეკომენდაცია ეძლევა, მაშინ, როდესაც სასამართლო ხელისუფლებისათვის 34 რეკომენდაციაა შეთავაზებული. სასამართლოსთვის მიცემულ რეკომენდაციებში საუბარია სასამართლოს დარბაზებში პროცესის მართვის, მოსამართლეთა შიდა დამოუკიდებლობის და სასამართლოს შიგნით სხვა პროცესებისა და პრაქტიკის გაუმჯობესების შესახებ.

ანგარიში, ასევე, საუბრობს იმაზე, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების ზოგიერთი ადვოკატი შორს არის იმ პროფესიული სტანდარტისგან, რომელიც აუცილებელია მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების უზრუნველყოფისათვის.

აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის გამოცემულ 3 რეკომენდაციაში კი საუბარია პროკურატურის პოლიტიზების დაუშვებლობაზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის აუცილებლობასა და მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე. ასევე, რეკომენდაციებია გაცემული პარლამენტის მისამართით საკანონმდებლო რეფორმის გაგრძელების მხრივ, რომელთაგან რამდენიმეს უკვე მოიცავს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული და ძალაში შესული კანონები, ხოლო დანარჩენზე სამინისტრო მუშაობას პარლამენტთან ერთად გააგრძელებს.

„ეს ანგარიში აჩვენებს, თუ რაოდენ დასანანია ქვეყნის სწორად განვითარებისათვის, როცა მთავრობა წარმატებით ატარებს მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმას, ხოლო სასამართლო ხელისუფლება ეწინააღმდეგება სასიკეთო ცვლილებებს და კვლავ ცუდ პრაქტიკას მისდევს − არ აღიარებს, რომ მოსამართლეების კვალიფიკაციას − ამაღლება, მათ შიდა დამოუკიდებლობას − განმტკიცება, კარგ კანონებს კი პრაქტიკაში გამოყენება სჭირდება. ჩვენ პირველივე დღიდან ვცდილობდით, სასამართლოს სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელთან ღიად გვესაუბრა, რაც მან არ ისურვა და აცხადებდა, რომ ყველაფერი კარგადაა. შედეგიც სახეზეა − მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმა ჩატარდა და კვლავაც წარმატებით მიმდინარეობს. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესში მას მაღალი შეფასება მისცა ევროკავშირმა. სამაგიეროდ, თავად სასამართლოს შიგნით ბევრი რამაა შესაცვლელი და ამ მხრივ მე, პირადად, დიდ იმედებს სასამართლო ხელისუფლების მომავალ ხელმძღვანელზე ვამყარებ, რომელიც, იმედი მაქვს, რეფორმატორი იქნება“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.  

2014-12-09 ODIHR Georgia Trial Monitoring Report ENG