თბილისის სააპელაციო სასამართლომ გენერალ კალანდაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა

თარიღი: 09 დეკემბერი 2014
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 8 დეკემბრის  გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა გიორგი კალანდაძის სააპელაციო საჩივარი. გენერალი კალანდაძე   იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისაგან ითხოვდა მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადებების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას. სააპელაციო სასამართლომ გენერალ კალანდაძის საჩივარში მოყვანილი ფაქტები არ გაიზიარა და არასაკმარისი მტკიცებულებების გამო არ დააკმაყოფილა იგი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, 2013 წლის 27 დეკემბერს, თეა წულუკიანის წინააღმდეგ გიორგი კალანდაძის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. გენერალი კალანდაძე მიიჩნევდა, რომ თეა წულუკიანმა სატელევიზიო გამოსვლაში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოზიციაში“ სტუმრობისას, გენერალური შტაბის უფროსის შესახებ მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია გაავრცელა, რითაც შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.  მოსარჩელე მხარე ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის; აგრეთვე, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-6 ნაწილისა და 413-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოპასუხე თეა წულუკიანის წარმომადგენლის არგუმენტები, რომ გენერალი კალანდაძე იყო არა კერძო, არამედ საჯარო პირი, ხოლო სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადება ეხებოდა არა დადასტურებულ ფაქტებს, არამედ „გადამოწმებულ მოსაზრებებს“, ნივთმტკიცების წარდგენა კი  სასამართლოში არ მომხდარა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამიტომ სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია გიორგი კალანდაძის სარჩელი და უარი თქვა  მის  დაკმაყოფილებაზე.