გერმანიაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი დასრულდა

თარიღი: 06 დეკემბერი 2014
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სათავო ოფისს ეწვია. იუსტიციის მინისტრმა სამუშაო სადილი გამართა საზოგადოების გამგეობის წევრ კრისტოფ ბაიერთან. სამუშაო სადილს მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და ალექსანდრე ტაბატაძე, ასევე, გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია დაესწრნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში სამართლებრივ სფეროებს, უკვე განხორციელებულ და სამომავლო პროექტებს. მინისტრმა და საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ხელმძღვანელმა დეტალურად მიმოიხილეს ის პროექტები, რომლებიც „GIZ“-ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ხორციელდება.

მინისტრმა გერმანული ფონდის წარმომადგენლებს ამ ხნის განმავლობაში გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.

ისაუბრეს მიმდინარე პროექტებზეც, კერძოდ, სამართლისა და ნოტარიატის რეფორმების მიმდინარეობაზე, რომელიც სწორედ „GIZ“-ის მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრაზე გამოიკვეთა თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების სამომავლო ერთობლივ პროექტებში აისახება. საზოგადოების წარმომადგენლებმა იუსტიციის სამინისტროს დელეგაციისთვის პრეზენტაცია გამართეს „GIZ“-ის მუშაობის სპეციფიკის, ასევე, მიმართულებებისა და მიღწეული წარმატებების შესახებ მსოფლიოს მასშტაბით.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ გერმანიაში პირველი საინფორმაციო ვიზიტი დაასრულა. მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა გერმანიის ბუნდესტაგში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროში, ბერლინის უმაღლეს სამხარეო სასამართლოში, ნოტარიუსთა ფედერალურ პალატაში. ვიზიტის ფარგლებში გერმანიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის დეკლარაციას, რაც პირველი ასეთი ტიპის დოკუმენტია ორ ქვეყანას შორის.

სამინისტროს დელეგაცია, ასევე, შეხვდა გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ხელმძღვანელ დრიკ მიროუს.

იუსტიციის მინისტრისა და სამინისტროს დელეგაციის საინფორმაციო ვიზიტი გერმანიაში „GIZ“-ის პროგრამის − „სამართლისა და იუსტიციის რეფორმის კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში“,  და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ფარგლებში მიმდინარეობდა. თეა წულუკიანთან ერთად ბერლინში შეხვედრები გამართეს მინისტრის  პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ და მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ. ვიზიტი გერმანიაში 2 დეკემბერს დაიწყო და 6 დეკემბერს დასრულდა.