იუსტიციის მინისტრი გამოსაცდელი ვადით დანიშნულ გერმანელ მოსამართლეთა შეფასების სისტემას გაეცნო

თარიღი: 05 დეკემბერი 2014
იუსტიციის მინისტრი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ბერლინის უმაღლეს სამხარეო სასამართლოს ეწვია, სადაც შეხვედრა გამართა სასამართლოს თავმჯდომარე მონიკა ნიორესა და  მოსამართლეებთან. საუბარი შეეხო მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს, გამოსაცდელი სამწლიანი ვადის დროს მოსამართლეთა მუშაობის თავისებურებებსა და შეფასების კრიტერიუმებს, თავმჯდომარე მოსამართლეების არჩევის წესებს,  ზედამხედველობას სანოტარო საქმიანობაზე და სხვ.

თეა წულუკიანმა გერმანელ მოსამართლეებს საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმის ეტაპების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მათ გამოცდილებას გაეცნო. კერძოდ, მინისტრმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო დეპოლიტიზებული ორგანო მას შემდეგ, რაც იქ დემოკრატიული წესით ჩატარდა მოსამართლე წევრების არჩევნები, ხოლო არამოსამართლე წევრები აღარ არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები; სასამართლო სისტემის რეფორმის მომდევნო ეტაპები კი, მინისტრის თქმით, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და მოსამართლეთა შეფასების სისტემის კრიტერიუმების შემოღებას მიეძღვნა. თეა წულუკიანი დაინტერესდა გერმანიის გამოცდილებით − როგორია მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიები, როგორ ხორციელდება საქმეთა განაწილება პრაქტიკაში, როგორია მოსამართლეთა შეფასების კრიტერიუმები და სხვ. ქართული მხარისთვის საინტერესო ყველა საკითხის შესახებ დეტალურად ისაუბრა მონიკა ნიორემ. მან, ასევე, პრაქტიკული მაგალითები და დოკუმენტები წარმოადგინა, რაც მოსამართლეთათვის საქმეთა განაწილების მკაცრ წესს, სასამართლოების მართვას, მოსამართლეთა შეფასების კრიტერიუმებსა და თავმჯდომარე მოსამართლეების ფუნქციებსა და მოვალეობებს ასახავს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მოსამართლეთა გამოსაცდელი მაქსიმალური ვადა 3-დან 5 წლამდეა, რომლის შემდეგაც შეფასებული მოსამართლეები ან ინიშნებიან უვადოდ, ან  არ ინიშნებიან. გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეები ზუსტად ისევე ასრულებენ მოსამართლის მოვალეობებს და სარგებლობენ იმავე უფლებებით, როგორც უვადოდ დანიშნული მოსამართლეები. მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს მოდელი აირჩია საქართველომ.

ამასთან, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს თავმჯდომარე მოსამართლეების არჩევისა და მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინური დევნის დაწყებისა და წარმოების საკითხები. სასამართლო სისტემის შესახებ საუბარი  დელეგაციამ მოსამართლეთა კავშირში გერმანიის მოსამართლეთა კავშირის თავმჯდომარესთან გააგრძელა.

მოგვიანებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ნოტარიუსთა ფედერალურ პალატას ესტუმრა, სადაც პალატის ვიცეპრეზიდენტ რიხარდ ბოკს შეხვდა. შეხვედრის თემა იყო საქართველოში ნოტარიატის რეფორმა და გერმანული გამოცდილების გაზიარება.
 
იუსტიციის მინისტრისა და სამინისტროს დელეგაციის საინფორმაციო ვიზიტი გერმანიაში „GIZ“-ის პროგრამის − „სამართლისა და იუსტიციის რეფორმის კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში“ − და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ფარგლებში მიმდინარეობს. მინისტრთან ერთად ბერლინში შეხვედრებს მართავენ მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე. ვიზიტი გერმანიაში 6 დეკემბერს დასრულდება.