ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა შეხვედრა გამართა

თარიღი: 02 მაისი 2014
ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის სამუშაო ჯგუფები აქტიურ სამუშაო რეჟიმში გადავიდნენ. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით კომისიამ პირველი შეხვედრა გამართა და პრიორიტეტები დაისახა, კომისიის სამუშაო ჯგუფები საქმიანობას შეუდგნენ.

2 მაისს იუსტიციის სამინისტროში ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა IT ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო (ICT) სფეროში ინვესტიციების ეფექტიან გამოყენებას მიეძღვნა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებების − იუსტიციის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკის, რეგიონული განვითარების, თავდაცვისა და განათლების სამინისტროების სსიპ-ებისა და სამსახურების წარმომადგენლები.  

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: სახელმწიფო გამოყენების სერვერული ინფრასტრუქტურა − ღრუბლოვანი ტექნოლოგია; იდენტიფიცირების ცენტრალური სისტემა; ერთიანი სამთავრობო ქსელი; მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურა; მოქალაქის პორტალი; სახელმწიფოს ერთიანი ინფორმაციული რეესტრი და სხვ.

ელექტრონული მმართველობის განვითარების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო კომისიის დადგენილებით ფუნქციონირებს. მისი მიზანი საქართველოში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ელექტრონული მმართველობის კიდევ უფრო განვითარებული სისტემის შექმნაა, რომელიც მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ეფექტიანი და გამარტივებული ურთიერთობის დამკვიდრებას მოემსახურება. ჯგუფი სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ინფორმაციის გაცვლის სწრაფი და უსაფრთხო საშუალებების ამოქმედებასა და სახელმწიფო მმართველობის განხორციელების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე მუშაობს, რაც საშუალებას მისცემთ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიიღონ სწრაფი და მარტივი ელექტრონული სერვისები დროისა და რესურსის მინიმალური დანახარჯით, სახელმწიფო უწყებების მუშაობას კი კიდევ უფრო ღიასა და გამჭვირვალეს გახდის. ამასთან, ელექტრონული მმართველობა სახელმწიფო უფლებამოსილების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით განხორციელებას გულისხმობს.

ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო კომისიას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კი იუსტიციის მინისტრია.