სემინარი ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებისა და 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებზე

თარიღი: 02 მაისი 2014
2 მაისს სასტუმრო „ამბასადორში“ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებისა და 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებზე სემინარი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ევროპის საბჭოს ექსპერტები. სემინარი იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ და საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კატერინა ბოლონეზემ გახსნეს.
სემინარი მონიტორინგის ახალი მეთოდოლოგიისა და ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ შემუშავებული 2010-2013 წწ. ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ანგარიშის განხილვას დაეთმო. დოკუმეტში  საქართველოს მთავრობის მიერ 2010-2013 წწ. ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულებისას მიღწეული პროგრესი, მიღწევები და გამოწვევებია გაანალიზებული. დისკუსია გაიმართა ანტიკორუფციული სტრატეგიის გადასინჯვის საკითხებზეც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის 2014-2016 წლების სტრატეგიული პრიორიტეტების, შეფასების ანგარიშის, საერთაშორისო რეკომენდაციების,  ადგილობრივი/საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით. სემინარის მონაწილეებმა განიხილეს განახლებული სტრატეგიის ლოგიკური ჩარჩო 12 პრიორიტეტული მიმართულების მიხედვით. ევროპის საბჭოს ექსპერტებმა კი თითოეული სტრატეგიული პრიორიტეტისათვის შედეგზე ორიენტირებული ინდიკატორები წარმოადგინეს, რაც  სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნების შესრულების ეფექტიან შეფასებას უზრუნველყოფს.