იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონი „მოქალაქეობის შესახებ“ პარლამენტმა მიიღო

თარიღი: 01 მაისი 2014
30 აპრილს საქართველოს პარლამენტმა „მოქალაქეობის შესახებ“ კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, დადგენისა და შეწყვეტის საკითხები ახლებურად რეგულირდება. კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და მისი ავტორი იუსტიციის სამინისტროა.
 
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძის თქმით, კანონის მთავარ სიახლეს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის პრეზიდენტის უფლებამოსილების სფეროში გადასვლა წარმოადგენს.
 
„მოქალაქეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება ხდება. თუ კონსტიტუციას განვრცობითი ინტერპრეტაციის გზით წავიკითხავთ,  კანონის ეს მიდგომა სრულიად ლოგიკურია და ასახავს იმას, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს. გარდა ამისა, კანონი აზუსტებს ტერმინსაც − „მოქალაქეობის მინიჭება“. მასში მოიაზრება მინიჭება ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით, საგამონაკლისო წესითა და აღდგენის წესით... მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები კონსტრუქციულ და მყარ სისტემაში ექცევა“, − განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
 
იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტზე მუშაობა გასული წლის სექტემბერში დაიწყო. პროცესში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.