სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

თარიღი: 01 მაისი 2014
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსამართლეებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსა  და იურისტებთან ერთად სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მორიგი  შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი  „საერთო სასამართლოების შესახებ“  საქართველოს ორგანულ კანონში  შესატანი ცვლილებები იყო. კერძოდ, საქმე ეხება მოსამართლეთა შეფასების კრიტერიუმებს.
 
შეხვედრაზე მოსამართლეებთან ერთად მოხდა პოზიციების შეჯერება მოსამართლეთა შეფასების კრიტერიუმებზე,  მის მახასიათებლებსა და შეფასების პროცედურებზე.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა  შეფასების განმახორციელებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილებისა და გასაჩივრების  საკითხი იყო.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, „ჩვენ გვქონდა მორიგი შეხვედრა მართლმსაჯულების უმაღლეს წარმომადგენლებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, ექსპერტებსა და იმ საზოგადოებასთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული იმ რეფორმის მომდევნო ტალღაში, რომელსაც ჰქვია „მოსამართლეებისთვის შეფასების სისტემის შემოღება მართლმსაჯულების შიგნითვე“. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რეფორმატულ ჯგუფსა და მართლმსაჯულების წარმომადგენლებს შორის მოხდება კონსენსუსის გზით სიარული. ბევრ საკითხზე შევთანხმდით, თუმცა, რჩება ღია საკითხები და ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, რადგან საბოლოოდ პარლამენტის მიერ დადგენილ ვადებში, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მთავრობა განიხილავს ამ საკითხს და წარვდგებით აღმასრულებელი ხელისუფლება საკანონმდებლო შტოში“.

მოსამართლეთა შეფასების მიზანი და პრინციპი თანამდებობაზე უვადოდ გამწესებისათვის ღირსეული, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევაა, ხოლო მოსამართლეთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლის მიზანი − სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობისა და დამაჯერებლობის, მოსამართლის ანალიტიკური აზროვნების, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარის შეფასება.