საარჩევნო სიაში გაორებების შესწორების მიზნით მიმდინარე პროექტის შედეგებს იუსტიციის მინისტრი გაეცნო

თარიღი: 30 აპრილი 2014
30 აპრილს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და საქართველოს სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელები  საპროექტო გუნდის თანამშრომლებს შეხვდნენ და  სამუშაო პროცესსა და პროექტის მიმდინარეობას დააკვირდნენ. იუსტიციის მინისტრმა მასში მონაწილე თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

„იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს ცესკო-მ სამი თვით დაუთმო თავისი ფართი, რათა ჩვენ  საქართველოში პირველად განვახორციელოთ ის პროექტი, რომელსაც ჰქვია „მოსახლეობისთვის ფოტოიანი საარჩევნო სიის შეთავაზება“...  დღესდღეობით დადასტურებულად შეგვიძლია, მივიჩნიოთ, რომ მონაცემებში არსებობდა 2800-მდე ორმაგი დოკუმენტი, 2800-მდე ადამიანს ჰქონდა ორი დოკუმენტი; ერთ-ერთი, 99% შემთხვევებში, იყო ყალბი და გაუქმდა. ათასამდე ამგვარმა პირმა ისარგებლა ამნისტიით, რომელიც გამოცხადებულია ერთი წლის ვადით“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

პროექტის ფარგლებში ფოტოსაძიებო სისტემის გამოყენებით ხდება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებულ სრულწლოვან ფიზიკურ პირთა უახლესი ფოტოსურათების ერთმანეთთან დადარება, რის შემდგომაც სისტემის მიერ იდენტიფიცირებულ სავარაუდო მსგავსებებს ვიზუალურად სწავლობს საპროექტო გუნდი, საქმის შესწავლისა და გაორების დადასტურების შემთხვევაში კი, ასეთი კატეგორიის საქმეები სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ეგზავნება.

ტერიტორიული სამსახურები, კანონმდებლობის შესაბამისად, იწყებენ ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას მოქალაქის სახელზე სხვადასხვა მონაცემით რიცხული ორი დოკუმენტიდან ერთ-ერთის გაუქმებასთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე საპროექტო გუნდმა შეისწავლა 3 390 488 ჩანაწერი. აგრეთვე, მონიტორინგის მიზნით კიდევ ერთხელ გადამოწმდა, დაახლოებით, 600 000 საქმე. აქედან 8 666 საქმე განსახილველად ტერიტორიულ სამსახურებში გადაიგზავნა. გასწორდა (გაუქმდა ერთ-ერთი დოკუმენტი) 2 456 მოქალაქის მონაცემი,  5 410 საქმეზე არ დადასტურდა გაორება, ხოლო 800 საქმეზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

პროექტის დასრულების შემდეგ საარჩევნო სიაში ერთი ამომრჩევლის შესახებ ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემი იარსებებს.
სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული გაორებების შესწორების მიზნით მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რომლის მიზანია როგორც სააგენტოს მონაცემთა ბაზების სრულყოფა, ისე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ერთიან საარჩევნო სიაში ამომრჩეველთა მონაცემებისა და რაოდენობის მაღალი სიზუსტით დადგენა, სადაც გაორებული ჩანაწერები არ იარსებებს.