იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილემ პარლამენტს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა

თარიღი: 29 აპრილი 2014
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ ცვლილებათა პაკეტი წარუდგენა, რომელიც სხვა სიახლეებთან ერთად საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმირებას ითვალისწინებს. მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი ნოვაციები გააცნო.
 
„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გარდაქმნაზე. ცვლილებების შედეგად საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი საქართველოში მანკიერი მხარეებისაგან გათავისუფლდება და მოქნილ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდება, რომელიც სწრაფ და სამართლიან მართლმსაჯულებას უზრუნველყოფს, შეთანხმების გაფორმების პროცესი კი გამჭვირვალე გახდება“, − განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
 
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად,  სასჯელზე შეთანხმება, როგორც საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი ფორმა, უქმდება.  საპროცესო შეთანხმების საფუძველი იქნება მხოლოდ შეთანხმება ბრალზე, რომლის თანახმადაც, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და სასჯელზე უთანხმდება პროკურორს.

შეთანხმების დადების პროცესში პროკურორი ვალდებული იქნება, გაითვალისწინოს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ქმედების მართლსაწინააღმდეგობა და ბრალეულობის ხარისხი, როგორც ეს დღეს მოქმედი კანონმდებლობითაა განსაზღვრული, არამედ ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა: სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები, ბრალეულის საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები, ნასამართლობა.

კანონპროექტის კიდევ ერთ ნოვაციას წარმოადგენს საპროცესო შეთანხმების ოქმის შედგენის ვალდებულების შემოღება. ის უნდა ასახავდეს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მოლაპარაკების პროცესს და ხელმისაწვდომი იყოს დაცვის მხარისათვის. აუცილებელი ხდება დოკუმენტის დართვა სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ. შეთანხმების გაფორმებამდე ბრალდებულს უნდა განემარტოს  საპროცესო შეთანხმების ყველა სამართლებრივი შედეგი, მათ შორის, ის გარემოება, რომ შეთანხმების გაფორმება იწვევს პირის ნასამართლობას.
 
ახლებურად რეგულირდება დაზარალებული მხარის უფლებებიც. მოქმედი კანონმდებლობა საპროცესო შეთანხმების დადებამდე პროკურორის მხოლოდ  დაზარალებულთან კონსულტაციას და მის ინფორმირებას ავალდებულებს. იმ შემთხვევაში კი, თუ პროკურორმა დაზარალებულის ინტერესები არ გაითვალისწინა ან ზიანის შეუსაბამო სასჯელი მოითხოვა, დაზარალებულს მისი გასაჩივრების უფლება არ აქვს. კანონპროექტის მიხედვით, დაზარალებულ მხარეს საშუალება ეძლევა, დაესწროს სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შუამდგომლობის განხილვას და გამოთქვას მოსაზრება მისი კანონიერებისა და სამართლიანობის შესახებ. ამასთან, დაზარალებულს, თუ მას არ შეუძლია ან არ სურს პროცესზე დასწრება, შეეძლება, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე საკუთარი მოსაზრებები მოსამართლეს წერილობით წარუდგინოს.