იუსტიციის სამინისტრო ქალთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობას მხარდაჭერას უცხადებს

თარიღი: 29 აპრილი 2014
იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ერთობლივი პროექტის − „ქალები როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ − პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. მას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
იუსტიციის მინისტრის მოადგილე პრეზენტაციის დამსწრე ქალბატონებს მიესალმა და ქვეყნის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის როლზე ესაუბრა.
 
„მე წარმოვადგენ უწყებას, რომელსაც ქალი ხელმძღვანელობს და ის წარმატება, რასაც ჩვენმა უწყებამ მიაღწია, დიდწილად ამ ფაქტორმაც განსაზღვრა. იუსტიციის სამინისტროში დაცულია გენდერული ბალანსი. მსგავსი სიტუაცია უნდა იყოს ყველა სხვა უწყებაში. ამიტომ გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას. შედეგი, რომელზეც ჩვენ დღეს უკვე ხმამაღლა ვსაუბრობთ, თქვენი მოძრაობის გამარჯვებაცაა; მოძრაობის, რომელსაც შენარჩუნება და გაძლიერება სჭირდება“, − განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 
 
პროექტის პრეზენტაცია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. მისი მიზანი თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და გალში მცხოვრები ქალბატონების პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტიურობის  ხელშეწყობაა.