თსუ-სა და მიგრაციის სამთავრობო კომისიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 26 აპრილი 2014
26 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიგრაციის სამთავრობო კომისიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის დოკუმენტს იუსტიციის მინისტრმა, მიგრაციის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ მოაწერეს ხელი.  მემორანდუმი მიგრაციის სფეროში კვლევისა და სტაჟირების საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
დოკუმენტის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებული კვლევების ორგანიზებასა და განხორციელებას; მიგრაციის საკითხებში საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმის) დადგენას, სამეცნიერო და სხვა სახის კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებასა და მონაწილეობას.
მიგრაციის კომისია მონაწილე სამინისტროების მეშვეობით მზადყოფნას აცხადებს, გაცვალოს უნივერსიტეტთან არაკონფიდენციალური თეორიული, პრაქტიკული და სტატისტიკური ინფორმაცია, რაც მას ესაჭიროება მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებზე სამეცნიერო კვლევის  მიზნით; მიაწოდოს უნივერსიტეტს სამინისტროების პრაქტიკული საქმიანობის შესახებ არაკონფიდენციალური ინფორმაცია; აგრეთვე, კონკრეტული თემატიკა კვლევების, სამაგისტრო და სადოქტორო თეზისებისთვის, ხელი შეუწყოს სტუდენტთა სტაჟირებას შესაბამის სამინისტროებში ცალკეული შეთანხმებისა და წესების საფუძველზე.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდგომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია „მიგრაცია და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) −  თანამედროვე სამართლებრივი სტანდარტები“. ღონისძიებას დაესწრნენ მიგრაციის კომისიის წევრი უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წარმომადგენლები.
მიგრაციის სამთავრობო კომისია უწყებათაშორისი ორგანოა, რომელიც აერთიანებს იუსტიციის სამინისტროს; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს; შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; ფინანსთა სამინისტროებს.