უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციები გასცა

თარიღი: 25 აპრილი 2014
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ უწყებათაშორისმა კომისიამ საარჩევნო კანდიდატთათვის თანაბარი და კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით რეკომენდაციები გასცა.
 
რეკომენდაციის თანახმად, პოლიციამ და სასამართლომ უნდა გაამკაცრონ სანქციები იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მიმართ, რომლებიც შეეცდებიან, ხელი შეუშალონ კონკურენტი პოლიტიკური პარტიის წევრებს, შეხვდნენ ამომრჩევლებს მშვიდ პირობებში.
 
კომისიის მეორე რეკომენდაცია გუბერნატორებს ეხებათ. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს ევალებათ, გამოსცენ დეტალური და მკაფიო ინსტრუქციები გუბერნატორებისათვის იმასთან დაკავშირებით, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ მათ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე.
 
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, „არჩევნები არის შეჯიბრი და ყველა კანდიდატს თანაბარ პირობებში შეჯიბრის საშუალება უნდა მიეცეს, არჩევანს კი ურნასთან მისული ამომრჩეველი გააკეთებს“.
 
„დღეს საქართველოში დადგა ხანა, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში და მის  შემდეგ არ ხორციელდება  პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური დევნა.  საარჩევნო გარემო უნდა იყოს უფრო სამაგალითო, ვიდრე ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომელიც მაღალი სტანდარტების დაცვით  ჩატარდა. ამიტომაც დღეს გამოვეცით ორი რეკომენდაცია. ერთი ეხება პოლიციას, რომელსაც ჩვენ მოვუწოდებთ, რომ უფრო გაამკაცროს მიდგომა იმ პირებისადმი,  ვინც  გაბედავს, მიეჭრას რომელიმე კანდიდატს და ხელს შეუშლის მას ამომრჩეველთან  ურთიერთობაში, რათა ჩვენ მივიღოთ უფრო მკაცრი სანქციები. როგორც ჩანს, 100-ლარიანი ჯარიმა ზოგიერთი ადამიანისთვის პრევენციის როლს არ ასრულებს. ამიტომ ჩვენ გვსურს, რომ ეს სანქციები იყოს უფრო მკაცრი, რომ ადამიანებმა გაიგონ −  კანდიდატები  არიან შეჯიბრში, მათ სჭირდებათ თავისუფალი გარემო და ხალხი გადაწყვეტს ურნასთან, რომელი კანდიდატი რომელს სჯობს. მეორე რეკომენდაცია ეხება გუბერნატორებს. „საარჩევნო კოდექსი“ ცალსახად განსაზღვრავს, რა არის ნებადართული და რა არ არის ნებადართული მათთვის. ამიტომ შესაბამისი დეპარტამენტი მთავრობის ადმინისტრაციაში წერილობით ინსტრუქციებს შეადგენს გუბერნატორებისთვის და მათდამი დაქვემდებარებული საჯარო მოხელეებისთვის, რომ ზუსტად ისე, როგორც სამინისტროებში მინისტრებმა გავაკეთეთ, გუბერნატორებისთვისაც არსებობდეს ცალსახა ინსტრუქციები. მე იმედი მაქვს, რომ ეს ორი რეკომენდაცია კიდევ უფრო გააჯანსაღებს  საარჩევნო გარემოს და ჩვენ შევძლებთ, რომ 15 ივნისს შევხვდეთ ნამდვილად დემოკრატიულ პირობებში“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა დღეს გამართული „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ.