იუსტიციის მინისტრი ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

თარიღი: 25 აპრილი 2014
საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები − ეს ის თემებია, რომლებიც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და  ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განიხილეს. 
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში მართლმსაჯულების კუთხით გატარებულ რეფორმებს.
 
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრთან და მის დელეგაციასთან, ვისაუბრეთ ყველა იმ რეფორმაზე, რომლებიც ხორციელდება მართლმსაჯულების სფეროში. მან, თავის მხრივ, გაგვიზიარა ისრაელის გამოცდილება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში. ჩვენ შევთანხმდით, რომ შს მინისტრი ხელს შეუწყობს ჩვენი და ისრაელის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობას, იმისათვის, რომ ჩვენმა მოსამართლეებმა, ჩვენმა სამართლის სპეციალისტებმა შეძლონ ისრაელში ჩასვლა და არასრულწლოვანთა პროცესებზე დასწრება. საქართველოს მომავალ თაობას, ახალგაზრდებს, რომლებსაც რაღაც შეეშლებათ კანონთან მიმართებაში, უნდა ჰქონდეთ ადეკვატური სასამართლოს უფლება“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
 
შეხვედრას ისრაელის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ნეთანელ იზააკი, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი დაესწრნენ. 
 
ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.  ვიზიტის პირველ დღეს იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის ქართველ კოლეგასა და  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.