იუსტიციის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

თარიღი: 25 აპრილი 2014
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თომას მელიასა და აშშ-ის უწყებათაშორისი  დელეგაციის წევრებს უმასპინძლა.
 
შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვა და უსაფრთხოების საკითხები იყო.
 
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ბატონ თომას მელიასა და ქალბატონ პეიჯ ალექსანდრესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო საპროცესო შეთანხმების რეფორმის შესახებ კანონს და თბილისში მათი ბოლო სტუმრობის შემდეგ განხორციელებულ რეფორმებს.
 
„განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა, რომ საპროცესო შეთანხმების რეფორმის შესახებ კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა და უკვე პარლამენტშია გაგზავნილი, არის  ნამდვილად სანიმუშო. ახლა უკვე საჭიროა, რომ პრაქტიკა მოვიდეს  კანონთან შესაბამისობაში, როგორც კი ეს კანონპროექტი კანონად იქცევა. ძალიან სერიოზული საუბარი გვქონდა, თუ როგორ უნდა გადავდგათ მომდევნო ნაბიჯები  დემოკრატიის განვითარების საქმეში. კონკრეტულად კი, იმ ბალანსის დაცვის საქმეში, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა არსებობდეს, ერთი მხრივ, უსაფრთხოების საკითხებში და, მეორე მხრივ,  თავისუფლებებსა და ადამიანის უფლებებს შორის. ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, ამერიკას, ეს გამოწვევები აქვს. ჩვენც გვაქვს ეს გამოწვევა და ამაზე სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ ეროვნული უსაფრთხოება იყოს დაცული, მაგრამ, ამავე დროს, არ იყოს დარღვეული ინდივიდუალური უფლებები, ადამიანის უფლებები და ადამიანის ღირსება  არ იყოს შელახული, რაც არის დემოკრატიული საზოგადოების საფუძველთა საფუძველი“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 
 
შეხვედრას აშშ-ის უწყებათაშორის დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან კი − იუსტიციის მინისტრის  მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე.

იუსტიციის მინისტრთან შეხვედრამდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის  წარმომადგენლებს.