ალექსანდრე ბარამიძე: „ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა ადამიანის უფლებების დაცვაზე იქნება დამყარებული“

თარიღი: 24 აპრილი 2014
24 აპრილს „ქორთიარდ მარიოტში“ მრგვალი მაგიდა − ანტინარკოტიკული პოლიტიკა და C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში − გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი; იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, აგრეთვე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს ანტინარკოტიკული პოლიტიკის შესახებ და ქვეყანაში მოქმედ ანტინარკოტიკულ პროგრამებზე, განიხილეს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა ნარკოდანაშაულთან მიმართებაში; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო C ჰეპატიტის პრევენციას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას პენიტენციარულ სისტემაში.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მრგვალი მაგიდის მონაწილეთა ყურადღება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობაზე გაამახვილა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. ალექსანდრე ბარამიძემ კიდევ ერთხელ განმარტა მისი ძირითადი მიზნები და ამოცანები და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ, სახელმწიფო უწყებების გარდა, საბჭოს მუშაობაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციასა და ექსპერტს, რომლებიც ნარკომანიასთან ბრძოლის საკითხებით არიან დაინტერესებულნი.
 
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, უწყებათაშორის კომისიას უკვე შემუშავებული აქვს ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც 2013 წლის 4 დეკემბერს დამტკიცდა. დოკუმენტი  ნარკომანიასთან ბრძოლის ახლებურ მიდგომას ითვალისწინებს, რაც დაბალანსებულ პოლიტიკასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას გულისხმობს.
 
  • გეგმიდან გამომდინარე, უწყებათაშორის ფორმატში უახლოეს მომავალში შემუშავდება ახალი საინფორმაციო სტრატეგია, რომელიც ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ  საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისაკენ იქნება მიმართული. მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება, აგრეთვე,  ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნა. ამ მიზნით, უწყებათაშორისი საბჭო უკვე სწავლობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მსგავსი ცენტრების მოდელებს.