წერილები ავღანეთიდან − საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართველი მებრძოლების საპასუხო ბარათები მიიღეს

თარიღი: 24 აპრილი 2014
24 აპრილს საქართველოს იუსტიციის, თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრების მოადგილეები თბილისის 87-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. მათ IV-V კლასის მოსწავლეები მოინახულეს, რომლებსაც ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცების წერილები გადასცეს. ღონისძიების მონაწილეებმა ავღანეთში გადაღებული ვიდეოკადრებიც ნახეს, სადაც ქართველი ჯარისკაცები ბავშვების წერილების გაცნობისას მიღებულ ემოციებს ვერ ფარავენ.
 
ავღანეთში მიმდინარე „ISAF“-ის ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებს  მხარდაჭერის  წერილები ბავშვებმა რამდენიმე თვის წინ პროექტის − „წერილი ჯარისკაცებს“ − ფარგლებში მისწერეს. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს 75 საჯარო სკოლიდან 700-მდე წერილი გაიგზავნა. ქართველი ჯარისკაცების ნაწილმა ბარათებს უკვე უპასუხა − თბილისის 87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სტუმრებმა სწორედ მათი წერილები გადასცეს.
 
პროექტის − „წერილი ჯარისკაცებს“ − მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლების მხარდაჭერა და არასრულწლოვანებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებაა.