ყატარში იუსტიციის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება

თარიღი: 24 აპრილი 2014
 თეა წულუკიანი მოადგილეებთან − გოჩა ლორთქიფანიძესა და მიხეილ სარჯველაძესთან, ერთად დღეს ყატარის საკასაციო სასამართლოს და, ამავე დროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მასუდ მოჰამედ ალ-ამრის შეხვდა.
 
შეხვედრაზე საქართველოსა და ყატარის მართლმსაჯულების სისტემების შესახებ ისაუბრეს. ყატარში 1994 წლიდან მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სასამართლო, რომელიც, როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან იუსტიციის სამინისტრო ამჟამად სწორედ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის შექმნაზე მუშაობს.
 
სასამართლოს თავმჯდომარემ თეა წულუკიანს აღნიშნულ საკითხში გამოცდილების გაზიარება შესთავაზა. თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრმა მასპინძელი მხარე საქართველოში მოიწვია და მისთვის საინტერესო ყველა საკითხის გაცნობა ადგილზე შესთავაზა.
 
მხარეების განცხადებით, საქართველოსა და ყატარის სასამართლო სისტემას შორის ამ შეხვედრის შედეგად თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყება.
 
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია დღესვე ყატარის ადამიანის უფლებათა ეროვნულ კომიტეტს ეწვია.
 
თეა წულუკიანმა მასპინძლებს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებების მიმართულებით გაწეული საქმიანობის, ასევე, საქართველოში, ზოგადად, ამ კუთხით არსებული ვითარებისა და იმ ინსტიტუტების შესახებ უამბო, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობენ. მინისტრი მასპინძლებს ომბუდსმენის ოფისთან ურთიერთობის დამყარებაში დახმარებას დაჰპირდა.
 
მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა დღესვე ვაკრაში სახელმწიფო მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს, სადაც შვიდი სამინისტროს სახელმწიფო სერვისები გაიცემა.
 
იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ყატარში გუშინ დაიწყო. სამინისტროს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ქვეყნის ემირთან, პრემიერ-მინისტრთან, იუსტიციის მინისტრთან, გენერალურ პროკურორსა და სხვა ოფიციალურ პირებთან.