იუსტიციის მინისტრი ყატარის ემირს შეხვდა

თარიღი: 24 აპრილი 2014
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოადგილეებთან − გოჩა ლორთქიფანიძესა და მიხეილ სარჯველაძესთან, ერთად დღეს ყატარის ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ელ სანის შეხვდა.
 
მინისტრმა ყატარის ემირს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევა გადასცა. ემირმა სიხარულით მიიღო მოწვევა და გამოთქვა მზაობა, პირველივე შესაძლებლობისთანავე ესტუმროს საქართველოს.
 
ემირმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისადმი, მათ შორის, სამართლებრივ და ეკონომიკურ სფეროებში. ამასთან, ემირის ინიციატივით, ყატარის მხარე ფიქრობს ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში სამუშაო ჯგუფების შექმნას. 
 
თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა ყატართან გაერო-ს ფარგლებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას, მათ შორის, საქართველოში კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით.
 
ემირმა  ამ და სხვა − მათ შორის, ჰუმანიტარულ, საკითხებში დახმარებისა და მხარდაჭერის მზაობა გამოხატა.
 
იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ყატარში გუშინ დაიწყო. სამინისტროს დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, იუსტიციის მინისტრთან, გენერალურ პროკურორთან, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესა და სხვა ოფიციალურ პირებთან.