საქართველოსა და ყატარის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

თარიღი: 23 აპრილი 2014
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ყატარის იუსტიციის მინისტრმა ჰასან ბინ ლაჰდარ ალ ჰასან ალ-მოჰანადირმა სამართლებრივ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.  

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას დოჰაში ყატარის იუსტიციის სამინისტრომ უმასპინძლა. შეხვედრაზე მინისტრებმა დაქვემდებარებული უწყებების მუშაობის მიმართულებები განიხილეს და ერთმანეთს ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების მუშაობის სპეციფიკა გაუზიარეს. თეა წულუკიანმა ყატარელ კოლეგას მადლობა გადაუხადა დოჰაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის მიწვევისთვის. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ მასპინძლებისათვის იუსტიციის სახლის კონცეფციის პრეზენტაცია გამართა. ყატარის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ყატარი აუცილებლად გამოიყენებს იმ შთამბეჭდავ მიღწევას, რაც საქართველოს სახელმწიფო სერვისების მიწოდების კუთხით აქვს.
 
მასპინძელი მხარე, ასევე, დაინტერესდა მიწის რეგისტრაციითა და სხვა საკითხებით. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ყველა ამ თემის ადგილზე გასაცნობად ყატარის იუსტიციის მინისტრი და სამინისტროს დელეგაცია საქართველოში მოიწვია.  
 
დღესვე ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის სამართლებრივ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმების თანახმად, შეიქმნება ერთობლივი კომიტეტი, რომელიც მონაცვლეობით დოჰასა და თბილისში შეიკრიბება. კომიტეტი ორგანიზებას გაუწევს შეხვედრებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, ექსპერტთა გაცვლას, რათა მოხდეს რეფორმების გაზიარება და პარტნიორული ურთიერთობების გამყარება.
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრი მოადგილეებთან − გოჩა ლორთქიფანიძესა და მიხეილ სარჯველაძესთან, ერთად დღეს უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და მთავარ პროკურორს, ხვალ კი იუსტიციის მინისტრი ყატარის ემირს შეხვდება.
 
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია დოჰაში ყატარის მხარის მიწვევით იმყოფება. ვიზიტი 24 აპრილს დასრულდება.