იუსტიციის მინისტრმა წინასაარჩევნო პერიოდში სისტემის თანამშრომლებისათვის სპეციალური ბრძანება გამოსცა

თარიღი: 22 აპრილი 2014
იუსტიციის მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ სამინისტროსა და მისი ქვეუწყებების თანამშრომლებისათვის სპეციალური ბრძანება გამოსცა. მისი მიზანი საარჩევნო პერიოდში „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებული ვალდებულებებისა და ამ ვალდებულებების დარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის  თანამშრომელთათვის გაცნობა და მათთვის სახელმძღვანელო მითითებების მიცემაა.
 
იუსტიციის მინისტრის ბრძანება დეტალურად განუმარტავს თანამშრომლებს წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში მათ უფლებებსა და მოვალეობებს და იმ აკრძალვებს შეახსენებს, რომლებსაც კანონმდებლობა საჯარო სამსახურში დასაქმებულებისათვის ითვალისწინებს. კერძოდ, ბრძანებაში ხაზგასმულია, რომ სამინისტროს თანამშრომლებს (გარდა პოლიტიკური თანამდებობის პირებისა) არ აქვთ უფლება, სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას მონაწილეობა მიიღონ აგიტაციასა და წინასაარჩევნო კამპანიაში; გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი რომელიმე პარტიის ან სუბიექტის მხარდასაჭერად; აწარმოონ საარჩევნო აგიტაცია სამინისტროს შენობაში და გააკრან საარჩევნო მასალა სამინისტროს ინტერიერსა და ექსტერიერში.
 
ბრძანებაში განმარტებულია საარჩევნო პერიოდის შეზღუდვები, რომლებიც ფულადი სახსრებისა და საჩუქრების გაცემასა და გაცემის დაპირებაზე ვრცელდება. ხაზგასმულია, რომ საჯარო მოხელეს ეკრძალება (მათ შორის, არასამუშაო პერიოდში), პირადი სახსრებით გაწიოს ისეთი სამუშაო, რომლის შესრულებაც სახელმწიფო ორგანოების ფუნქციაა.
 
იუსტიციის მინისტრი თანამშრომლებს იმ სანქციებს შეახსენებს, რომელთაც საარჩევნო კოდექსის დარღვევა ითვალისწინებს და განუმარტავს, რომ ბრძანების მოთხოვნების დარღვევისთვის მათ დისციპლინური პასუხისმგებლობაც დაეკისრებათ.