იუსტიციის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყატარში გაემგზავრა

თარიღი: 22 აპრილი 2014
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოადგილეებთან − გოჩა ლორთქიფანიძესა და მიხეილ სარჯველაძესთან, ერთად ყატარში გაემგზავრა. იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია დოჰაში ყატარის მხარის მიწვევით იმყოფება.
 
ვიზიტის მიზანი საქართველოსა და ყატარს შორის პარტნიორული ურთიერთობების გამყარებაა. საქართველოს იუსტიციის მინისტრი შეხვედრებს გამართავს ყატარის ემირთან, პრემიერ-მინისტრსა და იუსტიციის მინისტრთან. თეა წულუკიანი შეხვდება, აგრეთვე, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს.
 
ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ყატარის იუსტიციის მინისტრები ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის სამართლებრივ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ყატარის საკასაციო სასამართლოსაც ეწვევა. მასპინძლობას მას იუსტიციის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გაუწევს. კიდევ ერთი შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარესთანაა დაგეგმილი.
 
ოფიციალური ნაწილის გარდა, ვიზიტი კულტურულ პროგრამასაც მოიცავს. იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილეები ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს − ისლამური ხელოვნების მუზეუმს, ყატარის „Cultural village“-ს და“ Souq Waqif“-ს − მოინახულებენ.
 
იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ყატარში 24 აპრილს დასრულდება.