ალბანეთი იუსტიციის სახლის კონცეფციის იმპორტს გეგმავს

თარიღი: 15 აპრილი 2014
იუსტიციის მინისტრმა  თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში   ალბანეთის ინოვაციებისა და საზოგადოებრივი ადმინისტრირების მინისტრ  მილენა ჰარიტოს  უმასპინძლა.
 
შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი  იუსტიციის სახლის ანალოგიური მოდელის  ტირანაში განხორციელება იყო. ალბანური მხარე  საქართველოს   გამოცდილების  გაზიარებას გეგმავს  და  ერთობლივი პროექტის განხორციელებით  არის დაინტერესებული.
 
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა,  სტუმრები დაინტერესებულნი არიან  იუსტიციის სახლის კონცეფტის გადატანით.
 
„ქალბატონი ჰარიტოს საქართველოში  ვიზიტი ემსახურებოდა იუსტიციის სახლის კონცეფტის გადატანას და  ალბანეთში იმპორტს,  რათა როგორც საქართველოში, ისე ალბანეთში, სახელმწიფო სერვისები იყოს ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და რაც შეიძლება მოკლე დროში მიწოდებული მოქალაქისთვის. ამავე დროს, გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში, ჩვენ შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე, რაც საქართველოსთვის მართლაც სასიხარულოა, რადგან იუსტიციის სამინისტროსთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ რეფორმების ექსპორტი, რაც ჩვენ შევძელით, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში შეგვექმნა და განგვევითარებინა ჩვენი საკუთარი ძალებით. ამგვარი თანამშრომლობა ალბანეთთან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის გადასახედიდან, რადგან ალბანეთმა თავად გაიარა ის გზა, რომელსაც ამჟამად გადის საქართველო და ამ მხრივ ეს თანამშრომლობა იქნება ძალიან დიდი სიმბოლიკით დატვირთული“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
 
იუსტიციის მინისტრთან შეხვედრამდე ალბანეთის ინოვაციებისა და საზოგადოებრივი ადმინისტრირების მინისტრი  თბილისის იუსტიციის სახლშიც იმყოფებოდა, სადაც მისი მუშაობის კონცეფციას გაეცნო. მილენა ჰარიტომ  სართიჭალის   საზოგადოებრივი ცენტრიც მოინახულა.
 
ინფორმაციისთვის: მოლაპარაკებები იუსტიციის სახლის მოდელის ექსპორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამხრეთ აფრიკასთან, არგენტინასა და მექსიკასთან. არ არის გამორიცხული, იუსტიციის სახლის მოდელის განხორციელებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები  წარმატებით დასრულდეს ინდონეზიასთანაც.