ალბანეთი იუსტიციის სახლის მოდელის იმპორტით დაინტერესდა

თარიღი: 15 აპრილი 2014
იუსტიციის სამინისტრომ ალბანეთის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლის მოდელის იმპორტით დაინტერესდნენ.  ალბანეთის ინოვაციებისა და საზოგადოებრივი ადმინისტრირების მინისტრი თბილისის იუსტიციის სახლს ეწვია და მისი მუშაობის კონცეფციას გაეცნო.
 
როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, ერთობლივად იმუშაონ იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც იუსტიციის სახლის ანალოგიური მოდელის განხორციელებას ტირანაში გულისხმობს. ცნობილია, რომ მხარეები ამ პროექტის დასაფინანსებლად სხავადასხვა დონორს მიმართავენ.
 
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძის  განცხადებით, მოლაპარაკებები იუსტიციის სახლის მოდელის ექსპორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამხრეთ აფრიკასთან, არგენტინასა და მექსიკასთან. სამინისტროში არ გამორიცხავენ, იუსტიციის სახლის მოდელის განხორციელებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები  წარმატებით დასრულდეს ინდონეზიასთანაც.