კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

თარიღი: 14 აპრილი 2014
14 აპრილს სასტუმრო „რედისონში“ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი  საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომას ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ესწრებოდნენ საბჭოს წევრი უწყებების, კერძოდ, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

შეხვედრის განხილვის მთავარი თემა  ღია მმართველობა − საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტის შემუშავების პროცესი და საჯარო სამსახურის რეფორმა იყო.
ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ საბჭოს წევრებს წარუდგინა ღია მმართველობა − საქართველოს 2014 წლის საჯარო კონსულტაციების ანგარიში. შეხვედრები საქართველოს მასშტაბით 2014 წლის 15 მარტს დაიწყო და ამ ეტაპზეც გრძელდება. შეხვედრების მიზანია საზოგადოებისთვის ღია მმართველობა − საქართველოს სამოქმედო გეგმის პროექტის გაცნობა, მასთან დაკავშირებით მოსაზრებების შეკრება და ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. სამდივნომ საბჭოს წევრებს, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია ღია მმართველობა − საქართველოს ფორუმის საქმიანობის შესახებ.

ანტიკორუფციული  საბჭოს მდივანმა რუსუდან მიხელიძემ სხდომის მონაწილეებს ანგარიში წარუდგინა ანტიკორუფციული საბჭოს 2013 წლის საქმიანობის შესახებ. საბჭოს წევრებმა, ასევე, ისაუბრეს ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებისა და 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე.

 „მთავრობები ცივილიზებულ სახელმწიფოებში უნდა იყვნენ გახსნილები, გამჭვირვალეები და არა მხოლოდ მთავრობები, არამედ ნებისმიერი საჯარო სტრუქტურა იმისათვის, რომ ხალხმა იცოდეს, ვინ როგორ მუშაობს, რა ინფორმაცია ინახება მათთან, რათა ჰქონდეს ამომრჩეველს ინფორმაცია, თუ ვის ჩააბარა ხელისუფლება და იმსახურებს თუ არა ესა თუ ის ადამიანი, იყოს საჯარო უფლებამოსილების პირი. ჩვენ გვაქვს პარტნიორობის შესახებ სამდივნოს მიერ მოცემული ვადა ივნისამდე, რომ საბოლოო სამოქმედო გეგმა წარვადგინოთ. ყველა უწყებამ საკმაოდ საინტერესო ინიციატივა წარმოადგინა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავხადოთ უფრო ხელმისაწვდომი სახელმწიფო სტრუქტურები  მოქალაქეებისთვის და როგორი უნდა იყოს ჩვენი ინოვაციური მიდგომა, რადგან ინოვაციების გარეშე არ არსებობს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოება“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

სხდომის ფარგლებში საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სტრატეგიული პრიორიტეტის − კორუფციის პრევენცია თავდაცვის სექტორში − დამატებასთან, საერთაშორისო რეკომენდაციების შესრულების მიზნით ქვესამუშაო ჯგუფის შექმნასა და თემატური სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.