„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის“ უწყებათაშორისმა კომისიამ კიდევ ერთი რეკომენდაცია გასცა

თარიღი: 14 აპრილი 2014
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების  გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით, პროკურატურის ორგანოებისა და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისათვის კიდევ ერთ რეკომენდაციას აქვეყნებს.
 
უწყებათაშორისი კომისია პროკურატურის ორგანოებს შეახსენებს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მის მიერ გამოცემულ რეკომენდაციას და მოუწოდებს, თავი შეიკავონ იმ პირთა დაკითხვისაგან, რომლებიც ჩართული არიან 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოთა წინასაარჩევნო კამპანიაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა გადაუდებელი აუცილებლობა ან იქმნება საპროცესო ვადის დარღვევის საფრთხე.
 
კომისია საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, წარმადგინონ იმ პირთა სია, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი წინასაარჩევნო კამპანიაში. სიაში შეყვანილ პირთა რაოდენობა უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს რეალობას. სია არ უნდა წარმოადგენდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისათვის თავის არიდებისა და ხელშეშლის საშუალებას.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. შესაბამისად, უწყებათაშორისი კომისია არ იზღუდება მხოლოდ კანონის მოთხოვნების დაცვით და მოუწოდებს ყველა საჯარო უწყებასა და საჯარო მოსამსახურეს, დაიცვან სამართლიანობისა და გამჭვირვალობის ყველაზე მაღალი სტანდარტები.