უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციები გასცა

თარიღი: 14 აპრილი 2014
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა უწყებათაშორისმა კომისიამ − „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“, საარჩევნო კანდიდატებისათვის თანაბარი და კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, რეკომენდაციები გასცა. კომისია საჯარო მოხელეებს, პოლიტიკურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს, საარჩევნო სუბიექტებს, სამინისტროებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მიმართავს და წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდისათვის ინსტრუქციებს აძლევს.

კომისია მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს, არ დაუშვან თავიანთი წევრების ან მხარდამჭერების მხრიდან სხვა, თუნდაც, მათთვის მიუღებელი პოლიტიკური ძალების წინასაარჩევნო ღონისძიების ხელის შეშლა; გასცენ მკაფიო მითითება, რომ მათმა აქტივისტებმა თავი შეიკავონ კონკურენტი კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებისა და კონტრაგიტაციისაგან; არ დაუშვან  კონკურენტი ან მათთვის მიუღებელი პარტიის სააგიტაციო მასალის დაზიანება ან განთავსებაში ხელის შეშლა.

რეკომენდაციის თანახმად, სამინისტროებს ევალებათ, მინისტრის ბრძანების რანგში აიყვანონ ყველა ის განმარტება, რაც  2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში სამინისტროს სისტემის ფარგლებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისათვის შემუშავდა, იმ სამინისტროებმა კი, რომლებმაც  საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში  შემუშავებული განმარტებები მინისტრის ბრძანებით დაამტკიცეს, უნდა შეახსენონ ეს დებულებები მათი სისტემის ფარგლებში დასაქმებულ თითოეულ საჯარო მოსამსახურეს.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს,  ყველა მოსამსახურე ვალდებულია, მკაცრად დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი − არ მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოებულ აგიტაციასა და კამპანიაში; ხოლო საარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში მონაწილეობისას ეცვას დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელი; სააგიტაციო კამპანიის ღია ცის ქვეშ გამართვისას არ მიუახლოვდეს შეკრების მონაწილეებს 5 მეტრის მანძილზე; შენობაში მიმდინარე ღონისძიებისას კი დაიცვას შენობის მხოლოდ გარე პერიმეტრი და არ დაუშვას შენობაში  დაპირისპირებული ძალის შესვლა.

ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს ევალებათ, გამოსცენ დეტალური და მკაფიო განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ მათ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე. გარდა ამისა, მათ უნდა უზრუნველყონ უწყებათაშორისი კომისიისათვის მოთხოვნების შესრულებასთან თუ დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაციის პერიოდული მოწოდება.