ნოტარიატის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო

თარიღი: 12 აპრილი 2014
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნოტარიატის რეფორმაზე მუშაობა ნოტარიუსთა პალატის წევრებთან ერთად დაიწყო. ამასთან დაკავშირებით დღეს ყვარლის სასწავლო ცენტრში იუსტიციის მინისტრი ნოტარიუსთა  პალატის წევრებს შეხვდა და მათ  დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია იუსტიციის სამინისტროს მიერ წამოწყებული ინიციატივა, რაც საქართველოს ნებისმიერი ქალაქისა და რაიონის მოსახლეობისათვის სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ნოტარიუსთა პალატის წევრებმა მინისტრს ნოტარიატის განვითარების პერსპექტივებისა და სამომავლო სტრატეგიის შესახებ საკუთარი ხედვა  გააცნეს.

იუსტიციის  მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ნოტარიუსთა რეფორმის ძირითადი პრინციპები განიხილეს. „გვინდა, ჯერ ნოტარიუსებთან მოხდეს პრინციპებზე  შეჯერება, სანამ პარლამენტის წინაშე წარვდგებით, რათა ვიცოდეთ, თუ როგორ ავაწყოთ ლათინური ტიპის ნოტარიატი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უკვე  არსებობს;  რომ ყველას, თუნდაც, შორეულ რაიონში,  არ უწევდეს საათობით მგზავრობა იმისთვის, რომ სანოტარო მომსახურება მიიღოს; რომ  ეს  მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს; რომ ვიცოდეთ, როგორ  ავიცილოთ თავიდან  დარღვევები იმისათვის, რომ, როცა მოქალაქე მიდის ნოტარიუსთან,  დაზღვეული იყოს, არ გახდეს რაიმე ტიპის  შეცდომის მსხვერპლი, რომელიც შემდგომ მისი და მისი ოჯახის წევრების ბედს ცუდად გადაწყვეტს. ასევე, ვმსჯელობთ, თუ როგორ უნდა შევცვალოთ ნოტარიატის  სახე და წარვდგეთ მოქალაქეებისა და საზოგადოების წინაშე ახალი სახით, ახალი ლოგოთი, ახალი ფერებით და ახალი ბრენდირებით  იმისათვის, რომ  სანოტარო ბიურო შორიდანაც კი  იყოს  ყველასათვის  მიმზიდველი და შესამჩნევი“, − განაცხადა მინისტრმა.

დღევანდელ შეხვედრაზე კომპანია „საქიდეამშენმა“  ნოტარიუსთა პალატის ახალი ბრენდბუქის  პრეზენტაცია გამართა.
იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის ინიციატივით, შეიცვალა ძველი  ლოგო, რომელზეც გამოსახული იყო პერგამენტი და ბუმბული. მის ნაცვლად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ახალ ლოგოზე  წრიულად გამოსახულია  კალმისთავები, რაც   ბეჭდის ფორმასთან ასოცირდება. ეს კი ხაზს უსვამს სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის მთავარ უპირატესობას და უდავოობის,  შეუცვლელობის სიმბოლოს წარმოადგენს.

ნოტარიუსთა პალატის განვითარების სტრატეგია მიმართულია იქით, რომ სანოტარო მომსახურება კიდევ უფრო გამარტივდეს, დაიხვეწოს, ხარისხიანი და კომფორტული იყოს მომხმარებლებისათვის.