მოსამართლეთა საქმიანობის შეფასება სამართლიან, ამომწურავ და მოსამართლისათვის წინასწარ ცნობილ კრიტერიუმებს დაეფუძნება

თარიღი: 11 აპრილი 2014
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, 11 აპრილს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის  გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებათა პროექტები განიხილეს. სხდომას ესწრებოდნენ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები, აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი.
 
სხდომის მონაწილეებმა მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურასა და  შერჩევის კრიტერიუმებზე იმსჯელს, რომლის თანახმადაც, სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლეები თანამდებობებზე უვადოდ დაინიშნებიან. საუბარია 12 კრიტერიუმზე, რომლის საფუძველზეც შეფასდებიან მოსამარართლეები. ასევე, მსჯელობის საგანს წარმოადგენს სპეციალური ანგარიშების მომზადება მოსამართლეთა საქმიანობის შესახებ. დღევანდელ შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ის კანონპროექტებიც განიხილეს, რომლებიც მოსამართლეთა შეფასების ობიექტური, გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, და 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლის თანამდებობაზე კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი პროფესიონალების გამწესებას უზრუნველყოფს.
 
იუსტიციის სამინისტროს წარდგენილი ცვლილებების პროექტი სრულად შეესაბამება განვითარებული ქვეყნების სტანდარტებს, რომლის თანახმადაც მოსამართლეთა შეფასება უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ, სამართლიან, ამომწურავ და მოსამართლისათვის წინასწარ ცნობილ კრიტერიუმებსა და პროცედურებს. ნათლადაა განსაზღვრული კონკრეტული კრიტერიუმები და მახასიათებლები, რომელთა მიხედვითაც მაქსიმალურად ობიექტურად და სამართლიანად შეფასდება მოსამართლის საქმიანობის 3-წლიანი პერიოდი. უზრუნველყოფილია მოსამართლის მიერ შეფასების შედეგების თაობაზე საკუთარი მოსაზრების გამოხატვისა და თანამდებობაზე უვადოდ გამწესების თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
 
კანონპროექტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გზაზე, რომლის შედეგადაც საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი მართლმსაჯულების სისტემა და მოსამართლეთა კორპუსი, რომლის თითოეული წევრის მაღალი პროფესიონალიზმი და დამოუკიდებლობა განსახილველ საქმეებზე კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.