იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ექვსი პირი დააკავა

თარიღი: 11 აპრილი 2014
 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, 2013 წლის 21 დეკემბრიდან, მიმდინარეობს გამოძიება ე.წ. ამზომველების საქმეზე.
 
კერძოდ, არსებობდა ეჭვი, რომ სოფლის რწმუნებულების დახმარებით, მიწის ამზომველი კომპანიები, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, ადგენდნენ ყალბ საბუთებსა და ნახაზებს, რის შედეგადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები მოქალაქეების საკუთრებაში არეგისტრირებდნენ მდინარეების - ჭოროხი და აჭარისწყალი - კალაპოტებს, ჭალებსა და წყალში მდებარე კუნძულებს.
 
უკანონოდ დარეგისტრირებული მდინარის კალაპოტები, ჭალები და წყალში მდებარე კუნძულები, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, მოქალაქეების მიერ სხვისდებოდა ჰესის მშენებელ კომპანიაზე.
 
გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად,  და შესაბამისი სასამართლო განჩინების საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე დაკავებულ იქნენ: საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი დ.გ., სამსახურის უფროსის მოადგილე რ.ზ. და ამავე სამსახურის სპეციალისტი ე.ქ. ასევე დაკავებულია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მარადიდის რწმუნებული ჯ.ლ. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შპს „გეო“-ს ამზომველი ხ.ლ. - ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, მოქალაქე შ.ლ. დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე.
 
 
ამასთან, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ: ხელვაჩაურის რაიონის აჭარისწყლის თემის სოფელ მირვეთის და მაჭახლისპირის რწმუნებული ნ.ზ. და კირნათის თემის სოფელ გვარას ორგანიზატორები - ფ.ლ. და რ.შ.
 
სულ საქმეში 45 პირი ფიგურირებს, მათ შორის ათამდე ამზომველი კომპანიაა.
 
გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია შემდეგი: საამზომველო კომპანიების წარმომადგენლები, ფულადი სარგებლის მიღების სანაცვლოდ, ამზადებდნენ ყალბ საკადასტრო აზომვით ნახაზებს მდინარე ჭოროხის და აჭარისწყლის კალაპოტში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე, როგორიცაა მდინარის კალაპოტი, მდინარის ჭალა და წყალში მდებარე კუნძულები. ყალბ ნახაზებზე ასახული ფართების მოქალაქეების პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტს უკანონოდ ადასტურებდნენ ადგილობრივი რწმუნებულები. ამ გზით შექმნილი ყალბი დოკუმენტების წარდგენა მოქალაქეების მიერ ხდებოდა საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში, რომლის თანამშრომლებიც, სათანადო გადამოწმების გარეშე, ახორციელებდნენ უძრავი ქონების რეგისტრაციებს.
 
ხშირ შემთხვევაში, ამგვარად მოპოვებული საკუთრება მოქალაქეების მიერ გასხვისებულ იქნა ჰესების მშენებელ კომპანიაზე, რის შედეგადაც ისინი დაეუფლნენ დიდი ოდენობის თანხებს.
 
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აგრძელებს საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას.