იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

თარიღი: 11 აპრილი 2014
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა,  რომელსაც პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.
 
სხდომის დაწყების წინ იუსტიციის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „გუშინდელმა მედიამონიტორინგმა გამოკვეთა ისეთი საკითხები, რომელიც ჩემგან, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარისგან, ითხოვს წინმსწრებ რეაგირებას, სანამ დღის ბოლოს რეკომენდაციებზე ჩამოვყალიბდებით. მე მინდა, მოვუწოდო, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, ყველა საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც მუშაობს საქართველოში,  მათ შორის, „ივერიელს“,  ახალგაზრდულ ცენტრსა და ყველა სხვა  ორგანიზაციას, ქვეყნის და მისი მომავლის დემოკრატიული ინტერესებიდან გამომდინარე, მომავალი ორი თვის განმავლობაში, არჩევნებამდე, თავი შეიკავონ იმ ქმედებებისგან, რომლისგან თავის შეკავებისკენაც ჩვენ შარშან მოვუწოდეთ ყველას. ეს არის კონტრაგიტაცია და ჩვენ ეს შარშან განვმარტეთ, თუ რა არის; და მოვუწოდო ყველა პარტიის აქტივისტს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მათ შორის, სახალხო მოძრაობებს, რომ თავი შეიკავონ, მივიდნენ იმ შეხვედრებზე, სადაც გამოითქმის მათთვის მიუღებელი პოლიტიკური ან სხვა ტიპის მოსაზრებები. ხაზი მინდა, გავუსვა ერთ რამეს − რომ არჩევნები არის პოლიტიკურ პარტიებსა  და  კანდიდატებს შორის შეჯიბრი და ამ შეჯიბრისთვის ხელის შეშლის უფლება არავის აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო შეჯიბრში წინასაარჩევნო კამპანიის დროს რომელი პარტია რომელს აჯობებს, ამას გადაწყვეტს ხალხი, როცა მივა არჩევნების დღეს საარჩევნო ურნასთან. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ სხვა პარტიის კონტრაგიტაციის, კონკურენტი პარტიის საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლისგან   თავი შეიკავონ“, − განაცხადა მინისტრმა.