ალექსანდრე ბარამიძე „GRECO“-ს (სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ) კონფერენციაში მონაწილეობს

თარიღი: 10 აპრილი 2014
10-11 აპრილს ლაქსენბურგში (ავსტრია) იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე „GRECO“-ს − სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ − მაღალი დონის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენცია „GRECO“-ს შეფასების მეოთხე რაუნდის თემატიკას ეძღვნება: „კორუფციის პრევენცია პარლამენტის წევრებთან, მოსამართლეებსა და პროკურორებთან მიმართებაში“. „GRECO“-ს შეფასების მეოთხე რაუნდი საქართველოში 2015 წელს დაიწყება. 
 
განხილვის პროცესში ალექსანდრე ბარამიძე მართლმსაჯულების სფეროში გატარებული რეფორმებისა და პროკურატურაში განხორციელებული ინსტიტუციური რეფორმის შესახებ ისაუბრებს. კონფერენციაზე სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებს კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებული გამოცდილებისა და წარმატებული ისტორიების შესახებ ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა მიეცემათ; ასევე, განიხილავენ სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის პოლიტიკას ინფორმაციის გაცვლის პოზიტიური პრაქტიკის შესახებ; განსაზღვრავენ  სამომავლო სამოქმედო გეგმებს „GRECO“-ს მეოთხე რაუნდის შეფასების გათვალისწინებით.
 
საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია ამჟამად განახლების პროცესშია. განახლებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს. ამ პროცესში ყურადღება ეთმობა „GRECO“-სა და ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების სათანადო ასახვას სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. საკოორდინაციო საბჭოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. იგი ადმინისტრაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უწევს საბჭოს მუშაობას. საბჭოს მომდევნო სხდომა 14 აპრილს გაიმართება და „ღია მმართველობის საკითხებს მიეძღვნება.