იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა თურქ კოლეგებს უმასპინძლეს

თარიღი: 08 აპრილი 2014
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ თურქეთის იუსტიციის აკადემიის შვიდკაციან დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები  განიხილეს. თურქ კოლეგებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე შეხვდნენ.  დელეგაციის წევრებს შორის არიან თურქეთის იუსტიციის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტები და მოსამართლეები.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და თურქეთის იუსტიციის აკადემიას შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებსა და ორმხრივი სასწავლო ვიზიტებისა თუ ტრენინგების/სემინარების ორგანიზებას.  
 
თურქეთის იუსტიციის აკადემიის  დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში ხვალ ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, გაემგზავრებიან და სამუშაო შეხვედრებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გამართავენ.
 
ინფორმაციისათვის: საქართველოსა და თურქეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის 2002 წლის 14 მარტს თბილისში ხელმოწერილ იქნა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის საფუძველზე 2012 წლის 19 იანვარს გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია, რომლითაც განისაზღვრა 2012-2014 წლებში ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები. ამ მემორანდუმის ფარგლებში თურქეთის იუსტიციის აკადემიის წევრები და მოსამართლეები საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრნენ.  დელეგაციის წევრები საქართველოს 11 აპრილს დატოვებენ.