რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამის კიდევ 5 ბენეფიციარი დასაქმდა

თარიღი: 05 აპრილი 2014
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შემუშავებულ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართული 5 ყოფილი მსჯავრდებული სამშენებლო კომპანია „GeoCo“-ში დასაქმდა.

კომპანია „GeoCo“-ს ხელმძღვანელი ვახტანგ ნიკოლავა გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის ინიციატივას, ნდობა გამოუცხადა იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს და ცენტრის მიერ რეაბილიტირებული ყოფილი პატიმრები საკუთარ კომპანიაში დაასაქმა. კომპანიის ხელმძღვანელს დღეს მინისტრმა პირადად გამოუცხადა მადლობა პროგრამის მხარდაჭერისთვის, ყოფილ მსჯავრდებულებს კი წარმატებები უსურვა.

რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.  ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციას.

პროგრამაში ჩართვის შემდეგ ყოფილი პატიმრები სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მათ წარმატებით გაიარეს ტრენინგკურსები, სოციალური მუშაკის დახმარებით ასრულებდნენ ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს. დასაქმებული ბენეფიციარები სოციალური მუშაკების რეკომენდაციით შეირჩნენ.

თეა წულუკიანის განცახდებით, რეაბილიტირებული ყოფილი პატიმარი, მთლიანად საზოგადოებისთვისაა კარგი, რადგან, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილია ის, რომ ამ პირმა აღარასოდეს გაიხედოს ციხისკენ და, მეორე მხრივ, საზოგადოება იყოს დანაშაულისგან დაცული.