თეა წულუკიანი: „იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა მაქსიმუმი იმისათვის, რომ საქართველოში სახელმწიფოებრივი განვითარება შეუქცევადი პროცესი გამხდარიყო“

თარიღი: 02 აპრილი 2014
იუსტიციის მინისტრი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში მოხსენებით წარდგა. თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებების სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს მიერ იყო ინიცირებული.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, განვლილი წელიწად-ნახევრის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა მაქსიმუმი იმისათვის, რომ საქართველოში სახელმწიფოებრივი განვითარება შეუქცევადი პროცესი გამხდარიყო ნებისმიერი მთავრობის პირობებში, რაც, პირველ  რიგში, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას გულისხმობს.  
„გასული 18 თვის განმავლობაში ჩვენ მთავარი აქცენტი გავაკეთეთ ადამიანის შემდეგ უფლებებზე − სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლება, ინდივიდთა თანასწორობის უფლება, შრომის უფლება, საკუთრების უფლება, ინფორმაციის თავისუფლება და სტრუქტურის ღიაობა, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა და მათი ხარისხი“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.  
თეა წულუკიანის თქმით, იუსტიციის სამინისტრო განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპის გადახედვას,
იურიდიული დახმარების ინსტიტუციურ რეფორმას,
საპროცესო გარიგების ინსტიტუტის გარდაქმნას,
განაჩენის აღსრულების გადავადების ახლებური მექანიზმების დანერგვას,
დაცვის მხარის უფლებების ზრდას, სასამართლოში მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დამკვიდრებას. მინისტრმა ხაზი გაუსვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე მუშაობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო არაერთ სიახლეს გეგმავს საარბიტრაჟო სამართლის, სანოტარო სამართლის,  
ადამიანის უფლებების სტრატეგიის კუთხით.
თეა წულუკიანმა ანტინარკოტიკული საბჭოსა და ტრეფიკინგის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებიც მიმოიხილა. მისი თქმით, 40%-ითაა გაზრდილი
ტრეფიკინგის ფაქტების გამოძიება, დამდგარია 5-ჯერ მეტი განაჩენი, დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდისათვის. თეა წულუკიანმა ანტინარკოტიკული სტრატეგიის შემუშავებაში იუსტიციის სამინისტროს მონაწილეობაზეც ისაუბრა და ბიონარკოტიკის აკრძალვის საკითხსაც შეეხო.
იუსტიციის მინისტრმა  პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო იყო პირველი სახელმწიფო უწყება, რომელმაც ყოფილ პატიმრებს  დახმარების მიზნით სხვადასხვა სერვისი შესთავაზა, რითაც მათ საშუალება მისცა, საზოგადოებას სრულუფლებიან წევრებად დაბრუნებოდნენ.
პრეზენტაციის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.