რა სიახლეებს შეიცავს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ახალი კანონი

თარიღი: 31 მარტი 2014
იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული დოკუმენტი განთავსდა. „ასი კითხვა“ საზოგადოებასა  და საკითხით დაინტერესებულ ყველა პირს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის იმ სიახლეების შესახებ, რომელთაც  კანონი უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს სთავაზობს. საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობა უკიდურესად ღია სავიზო პოლიტიკამ განაპირობა. მისი მიზანი ტურიზმის განვითარება და ინვესტიციებისთვის კიდევ მეტად ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნებაა ისე, რომ საკანონმდებლო დონეზე შესაძლებელი გახდეს მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა.

კანონშემოქმედებით პროცესში  ჩართულნი იყვნენ კვალიფიციური ექსპერტები ევროკავშირიდან, აგრეთვე, საკონსულტაციო სტატუსის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი წინადადებებისა და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი კანონის საბოლოო რედაქციაშია ასახული. 
 
ახალი კანონი 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. მანამდე კი მასთან დაკავშირებულ  კითხვებზე პასუხების ნახვა დაინტერესებულ პირებს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე შეუძლიათ. რა სიახლეებს ითვალისწინებს დოკუმენტი, რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოში სტუმრად ჩამოსულ უცხოელებს, სად უნდა მიმართონ მათ კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად − ყველა ამ კითხვაზე პასუხის ნახვა მომხმარებლებს ელექტრონულ მისამართზე − http://www.justice.gov.ge/AboutUs/Council/363 − შეუძლიათ.