თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კალანდაძის სარჩელი თეა წულუკიანის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

თარიღი: 27 დეკემბერი 2013
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გიორგი კალანდაძის სარჩელი თეა წულუკიანის წინააღმდეგ. გენერალი კალანდაძე მიიჩნევდა, რომ თეა წულუკიანმა სატელევიზიო გამოსვლაში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოზიციაში“ სტუმრობისას, გენერალური შტაბის უფროსის შესახებ მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია გაავრცელა, რითაც შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.  მოსარჩელე მხარე ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის − მე-17; აგრეთვე, „სამოქალაქო კოდექსის“ მე-8 მუხლის მე-6 ნაწილისა და 413-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე.
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოპასუხის − თეა წულუკიანის, წარმომადგენლის არგუმენტები, რომ გენერალი კალანდაძე იყო არა კერძო, არამედ საჯარო პირი, ხოლო სატელევიზო ეთერში გაკეთებული განცხადება ეხებოდა არა დადასტურებულ ფაქტებს, არამედ „გადამოწმებულ მოსაზრებებს“, ნივთმტკიცების წარდგენა კი  სასამართლოში არ მომხდარა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ამიტომ სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია გიორგი კალანდაძის სარჩელი და უარი თქვა  მის  დაკმაყოფილებაზე.