„უფასო პირადობის მოწმობა პედაგოგებს“− იუსტიციის მინისტრის ახალი ინიციატივა

თარიღი: 20 დეკემბერი 2013
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, იუსტიციის სახლი პედაგოგებისათვის უფასო პირადობის მოწმობების გაცემას იწყებს. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თეა წულუკიანმა განაცხადა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ აქციის დეტალები გააცნეს.
ღონისძიების ბოლოს მინისტრებმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები 10 პედაგოგს გადასცეს.
საახალწლო აქცია პედაგოგებისათვის 23 დეკემბერს დაიწყება. აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობების უფასოდ აღებას საჯარო და კერძო სკოლების ის პედაგოგები შეძლებენ, რომლებსაც  ახალი მოწმობა ჯერ არ მიუღიათ.  მასწავლებლებს  რაიმე სახის დოკუმენტაციის წარდგენა არ მოუწევთ, მათი იდენტიფიკაცია მონაცემთა ბაზის მიხედვით მოხდება. აქცია 23 იანვრამდე გაგრძელდება.
პედაგოგებმა აქციის ფარგლებში მომსახურების მიღების მიზნით თბილისში დროებით სერვისცენტრებს უნდა მიმართონ შემდეგ მისამართებზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი (აღსრულების ეროვნული ბიურო);  ვაჟა-ფშველას გამზირი, №1 (ეროვნული არქივი); აღმაშენებლის გამზირი №89/24 (საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახური, მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“).
მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა მხარეს. დროებითი ფილიალები მომხმარებლებს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე მოემსახურებიან.
მიმდინარე წლის განმავლობაში, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, უფასო პირადობის მოწმობები უკვე გადაეცათ სრულწლოვან დევნილებსა და რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებს. აქციების ფარგლებში, საერთო ჯამში, იუსტიციის სახლმა  75 000-მდე უფასო პირადობის მოწმობა  გასცა.