იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჟენევის მოლაპარაკებების 26-ე რაუნდს აფასებს

თარიღი: 19 დეკემბერი 2013
შვეიცარიაში ჟენევის დისკუსიების 26-ე რაუნდის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, ქართული დელეგაციის ძალისხმევა 2013 წლის ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე ორი მიმართულებით წარიმართა.

„ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული მეორე სამუშაო ჯგუფში, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც საქმე ეხებოდა ადამიანის უფლებების დარღვევას ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. ასევე, გავაგრძელეთ მუშაობა იმ პრაგმატულ მიდგომებზე, რომლებიც გადაადგილების თავისუფლებას ეხება. კერძოდ, დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ მსგავსი წინადადებების შემუშავების საფუძველი სწორედ გადაადგილების თავისუფლება უნდა იყოს“, − აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა ჟენევის მოლაპარაკებების მხარეების ერთობლივ განცხადებაზე, რომელიც ამ დისკუსიების მეორე ცენტრალურ საკითხს ეხება ძალის არგამოყენების შესახებ.  

„ძალის არგამოყენების ერთობლივ განცხადებაზე ჩვენი ინტენსიური მუშაობის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ მხარეებს შორის არსებობს განსხვავებული ხედვები,  მათ შორის, მიდგომების კონცეპტუალურ ნაწილში. ამის მიუხედავად, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არის პროცესი; ასევე, კარგად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და იმედი გვაქვს, რომ ხელშესახები პროგრესის მისაღწევად მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება“, − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი 27-ე რაუნდი 2014 წლის მარტში გაიმართება.