იუსტიციის სამინისტრომ ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა

თარიღი: 19 დეკემბერი 2013
19 დეკემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ იუსტიციის სამინისტროს ერთწლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს − საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წევრებს, საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო მისიებს − 2013 წლის პრიორიტეტული მიმართულებები და ამ მხრივ გაწეული სამუშაოები წარუდგინა.
 
2013 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა. განხორციელდა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის პირველი ეტაპი, რომელმაც ბიძგი მისცა სასამართლო სისტემაში დემოკრატიზაციის პროცესის დაწყებას; მომზადდა მართლმსაჯულების რეფორმის მეორე ეტაპის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის შედეგადაც რიგითი მოსამართლე საქმეების გადაწყვეტისას გახდება საკუთარი ხელმძღვანელობისგან მეტად დამოუკიდებელი; სასამართლოს თავმჯდომარეებს კი თავად სასამართლოს წევრი მოსამართლეები აირჩევენ.
 
გაუქმდა სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი და შემოღებულ იქნა უფრო მკაცრი სასჯელის მიერ ნაკლებად მკაცრის შთანთქმის პრინციპი; გაფართოვდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადობა; მომზადდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის მიზანია, ჰუმანური და ლიბერალური გახადოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა; ხორციელდება  იურიდიული დახმარების, საპროცესო შეთანხმების, დაზარალებულის უფლებების რეფორმა.
 
მოხდა პროკურატურის დეპოლიტიზაცია, იუსტიციის მინისტრი აღარ არის ამავე დროს საპროკურორო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მთავარი პროკურატურა ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ორგანოდ.
 
2012 წლიდან, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მთავრობამ საფუძველი ჩაუყარა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პოლიტიკას  სასჯელაღსრულების სისტემის გარეთ. ყოფილ პატიმართა დასახმარებლად შემუშავდა სპეციალური სერვისები, გაიცა რამდენიმე გრანტი (სულ 90 000 ლარი) არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ცენტრის სერვისებით 600-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.
 
იუსტიციის მინისტრმა უხელმძღვანელა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში საპრეზიდენტო უფლებამოსილების პირველი მშვიდობიანი გადაბარების პროცესში.
 
უმნიშვნელოვანესი საბაზისო ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსში, რის შედეგადაც  მოხდა დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესების დაბალანსება საკანონმდებლო დონეზე.
 
ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებისათვის იუსტიციის სამინისტროს სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს ძალისხმევა ევროკომისიის ექსპერტების მიერ შეფასდა როგორც სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის  შესრულებაში შთამბეჭდავი წინსვლა.
 
გადაისინჯა იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებული წესები. კანონში ჩაიდო უფრო სამართლიანი მექანიზმები როგორც გარიგების დადების მომენტისათვის, ისე აღსრულების პროცესის ეტაპისათვის.
 
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ეტაპობრივად დაიწყო უძრავ ქონებაზე უფლებების არქივირების, შესაბამისი ელექტრონული ბაზების შექმნის, ყოფილი ტექბიუროს არქივების მოვლა-პატრონობისა და დიგიტალიზაციის რეფორმა, მუშავდება და იხვეწება საკუთრების რეგისტრაციების ერთიანი სისტემა. იუსტიციის მინისტრის დავალებით დაიწყო საოკუპაციო ზოლის სოფლებში მავთულხლართების აქეთ დარჩენილი მიწების რეგისტრაციის რთული პროცესი.
 
აღსრულების ეროვნული ბიურო საბოლოოდ გათავისუფლდა პოლიტიკური დაკვეთებისაგან. ის ორიენტირებულია კონსულტაციებისა და მედიაციის გზით მხარეთა მორიგებაზე; ადამიანებს მიეცათ შანსი, გონივრული ნაბიჯები გადადგან ვალის დაფარვით გამოწვეული ზიანის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.  აღსრულდა ყველა ის საქმე, რომლებიც წლების განმავლობაში ხელოვნურად ჭიანურდებოდა.
 
უნოტარიუსოდ დარჩენილ საქართველოს რაიონებში − თერჯოლაში, წყალტუბოში, ლენტეხში, ცაგერში, ოზურგეთში, ქარელსა და თიანეთში − ნოტარიუსები დაინიშნენ. მინისტრის ბრძანებით გაიწერა სანოტარო მედიაციის წესები, რათა მოქალაქეებს შეეძლოთ, მარტივი საყოფაცხოვრებო პრობლემები ნოტარიუსის მეშვეობით მოაგვარონ და ამით თავი აარიდონ სასამართლო დავას. აქტიურად მიმდინარეობს ამ მხრივ ნოტარიუსების გადამზადების პროცესი.
 
2013 წლის თებერვლიდან  საკუთარი კადრებით დაკომპლექტდა და მთელი სისრულით ამუშავდა იუსტიციის სახლები. მისი აქციით − „უფასო პირადობის მოწმობა სრულწლოვან დევნილებს“ − 65 ათასმა დევნილმა ისარგებლა. საარჩევნო სიის დაზუსტებისათვის საჭირო ღონისძიებების ფარგლებში, 8 000 უფასო პირადობის მოწმობა გადაეცათ რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებსაც. წლის ბოლოს დაიწყო საახალწლო აქცია − „უფასო პირადობის მოწმობა პედაგოგებისათვის“.
 
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებული კანონების კოდიფიცირებულ ვერსიაზე წვდომა გახდა უფასო. მაისიდან „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ფუნქციონირება დაიწყო მთარგმნელობითმა ცენტრმა, რომელიც თარგმნის ქართულ კანონმდებლობას ინგლისურად, ხოლო ევროკავშირის დირექტივებს − ქართულ ენაზე. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი გახდა სამენოვანი (ქართული, ინგლისური, რუსული).
 
სრული დატვირთვით ამუშავდა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი. ცენტრის მართვას ახორციელებენ ადგილობრივი კადრები, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ. ყვარლის ეს ფილიალი ტრენინგებსა და სემინარებს, ასევე, სხვადასხვა ტიპის სამუშაო შეხვედრებს მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლებს. 
 
იუსტიციის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირთან ინტეგრაციის ორივე ინსტრუმენტის ასოცირების შეთანხმების და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, რეალიზების კუთხით, რამაც ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება.  
 
იუსტიციის სამინისტრო თანამომლაპარაკებლის სტატუსით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრთან ერთად, ჩართულია ჟენევის მოლაპარაკებათა რაუნდში და საერთაშორისო სამართლებრივ კონსულტაციას უწევს მომლაპარაკებელთა ჯგუფს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მეორე სამუშაო ჯგუფის (ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებები) ფარგლებში დააყენა გაეროს ადამიანის უფლებათა ტექნიკური მისიის მოწვევის საკითხი, რაც აუცილებელია კონფლიქტურ და მიმდებარე რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების შეფასებისა და მათზე რეაგირებისათვის.  
 
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესებისა და შესაბამისი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა და მთავრობას წარუდგინა ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტი, რომელიც საქართველოში ყველა ნიშნით, მათ შორის, ერთდროულად მრავალი ნიშნით, დისკრიმინაციის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.
 
17 რაიონში გაიხსნა ეროვნული არქივის ადგილობივი წარმომადგენლობა. აღდგა ოზურგეთისა და მესტიის არქივები. მოხდა დოკუმენტების დიგიტალიზაცია და ელექტრონული კატალოგების შექმნა, რითაც საარქივო დოკუმენტებზე წვდომა გაადვილდა, ხოლო დედნების დაცვის ხარისხი გაიზარდა. 
 
იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს კორუფციასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა და მთავრობის მიერ დამტკიცებულ იქნა მთავრობის ღიაობასა და ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული რეგულაციები. 2013 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია ელექტრონულად გამოითხოვონ, რისთვისაც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ შექმნილ იქნა მოქალაქის პორტალი my.gov.ge. აგრეთვე, 2013 წლიდან სახელმწიფო ორგანიზაციები საჯარო ინფორმაციას პროაქტიულად აქვეყნებენ. სამინისტროს 4 სსიპ − „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“, „სმართ-ლოჯიქი“, „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ და „სერვისების განვითარების სააგენტო“ − ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული ორგანიზაციაა და ქვეყნის თანამედროვე მომავლის შექმნაში მონაწილეობს.