„აღსრულების კანონმდებლობის განვითარება საქართველოში“ − აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ერთობლივი პროექტი

თარიღი: 18 დეკემბერი 2013
18 დეკემბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ერთობლივი პროექტის − DEEP (Development of Enforcement Legislation Project in Georgia), პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ  საქართველოს იუსტიციის მინისტრი  თეა წულუკიანი; იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე  ალექსანდრე ბარამიძე; იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე; აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ გურგენიძე; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოში მოქმედი ბანკების წარმომადგენლები, მოსამართლეები, ადვოკატები, ნოტარიუსები,  ევროპელი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
„თუ არ იქნა სამართლებრივ სისტემაში აღსრულების თანამედროვე სტანდარტები, მაშინ მართლმსაჯულებასაც ეკარგება აზრი; სასამართლო გადაწყვეტილება, თუ ის სათანადოდ ვერ აღსრულდება, კარგავს მნიშვნელობას. ეფექტიანი მართლმსაჯულება მოიცავს ეფექტიან და სამართლიან აღსრულებას. სწორედ ამას ემსახურება ის, რომ კიდევ უფრო იხვეწება ჩვენი აღსრულების სისტემა, და შემოვიტანოთ მასში ევროპული სტანდარტები და შევქმნათ აღსრულების კოდექსი, რომელიც გააერთიანებს კანონმდებლობაში გაფანტულ ყველა ნორმას“, − განაცხადა ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა და მადლობა გადაუხადა ევროკაშირის ექსპერტებს რამდენიმეწლიანი თანადგომისათვის.
აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ერთობლივი პროექტის − DEEP (Development of Enforcement Legislation Project in Georgia), მიზანია საქართველოს აღსრულების სისტემის სრულყოფა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა სააღსრულებო სფეროში წამყვანი ფრანგი, ჰოლანდიელი და შვედი ექსპერტების დახმარებით.
 
პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ევროკავშირის წარმომადგენლობა უზრუნველყოფს.
ერთობლივი სამუშაოების ფარგლებში სააღსრულებო სფეროს ქართველი და ევროპელი სპეციალისტები შეისწავლიან ევროპულ პრაქტიკას და იმუშავებენ მის ქართულ რეალობაში დანერგვის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში შემუშავდება სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ახალი კოდექსი აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფების, ევროპელი ექსპერტებისა და დაინტერესებული პირების მიერ. პროექტის ხანგრძლივობა ერთი წელია.