იუსტიციის სამინისტრომ ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტზე მუშაობა დაასრულა

თარიღი: 17 დეკემბერი 2013
17 დეკემბერს სასტუმრო „რადისონში“ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კანონპროექტის − „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“  − საბოლოო ვერსია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო  ორგანიზაციებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ექსპერტებს წარუდგინა.  
„საქართველოს კონსტიტუციით“ გარანტირებული თანასწორობის უფლების ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო ეფექტიანი რეალიზაციის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ კანონის პროექტზე მუშაობა 2013 წლის პირევლ ნახევარში დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პროექტი არაერთხელ იქნა განხილული საჯარო შეხვედრებზე. მის შემუშავებაში სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, გენდერული საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა რეკომენდაციები და შენიშვნები აისახა დოკუმენტში.  კანონპროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ კი იუსტიციის მინისტრმა მისი საბოლოო ვერსია ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ გააცნო.
„იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტზე, რომელიც რამდენიმე თვე დამუშავების პროცესში იყო. ეს კანონპროექტი მთლიანად იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით შემუშავდა და მხოლოდ არასამთავრობო სექტორთან, მინისტრებთან, მათ მოადგილეებთან კონსულტაციის შედეგად იქნა გაგზავნილი საერთაშორისო ექსპერტიზაზე.  ყველაზე დიდი სამუშაო გასწიეს თომას ჰამარბერგის მიერ შემოთავაზებულმა შვედმა ექსპერტმა, ოდირმა ეუთო-დან და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარიატმა. შეფასებები დადებითია. ჩვენ მათი შემოთავაზებები და ქართული არასამთავრობო სექტორის შემოთავაზებები გავითვალისწინეთ, ახლა კანონპროექტი უკვე   მზადაა. მომავალ კვირას კონსულტაციები გაიმართება უკვე მთავრობის შიგნით და, საბოლოოდ, წარედგინება მთავრობას“, − განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“  კანონის მიღებით შესრულდება ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, „რომლის შესრულების ხარისხზეც არის დამოკიდებული საქართველოსთვის  ევროკავშირთან საზღვრების გახსნისა და უვიზო რეჟიმის დამყარების საკითხი“.