იუსტიციის მინისტრი სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სსიპ-ების რაიონული ოფისების შემოვლას აგრძელებს

თარიღი: 11 დეკემბერი 2013
იუსტიციის მინისტრმა დღეს ზუგდიდში მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ზუგდიდის იუსტიციის სახლი ბიუჯეტს დაგეგმილზე 4 მლნ ლარით ნაკლები დაუჯდება. „მთავარია, რომ ყველაფერი ხარისხიანად გაკეთდეს და სახელმწიფოს ფული ეკონომიურად იხარჯებოდეს. ჩვენ ეს სახლი დაგვიჯდება 4 მილიონი ლარით ნაკლები, ვიდრე დაუჯდებოდა წინა ხელისუფლებას. რაღაც გარკვეული მასალები შევცვალეთ, ნაკლებად ძვირადღირებული, მაგრამ იმავე ხარისხის მასალებით ჩავანაცვლეთ.

ჩვენ მივდივართ ტენდერების გზით, რაც, დაახლოებით, მილიონიან ეკონომიას ნიშნავს; ჩვენ მივდივართ მშენებლობის იმ ტემპით, რა ტემპიც აუცილებელია იმისთვის, რომ, როდესაც გაიხსნება იუსტიციის სახლი, ეს იყოს ნამდვილი გახსნა“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ იუსტიციის სახლები მხოლოდ მაშინ გაიხსნება, როდესაც სერვისცენტრები ნამდვილად მზად იქნება, მოემსახუროს მოქალაქეებს. ზუგდიდის იუსტიციის სახლის მშენებლობის დასრულება 2014 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღესვე სენაკის, აბაშისა და ხონის რეგიონული ოფისების მუშაობას ადგილზე გაეცნო.

იუსტიციის მინისტრი ადგილზე თავად სწავლობს იმ პრობლემებს, რომლებიც აფერხებს რეგიონული ოფისების მუშაობას, რათა მომავალში მოქალაქეებისათვის გაწეული მომსახურება ეფექტური იყოს, სამსახურების მუშაობა კი − მაღალი ხარისხის.

იუსტიციის მინისტრი სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სსიპ-ების რაიონული ოფისების თანამშრომლებს პირადად გაესაუბრა და მათგან მოისმინა იმ საჭიროებების შესახებ, რაც ოფისების ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია. რიგ შემთხვევებში ეს არის ტექნიკური აღჭურვილობის პრობლემა, რის გადასაჭრელადაც მინისტრმა ზრუნვა უკვე დაიწყო.

თეა წულუკიანმა გუშინ და დღეს უკვე შემოიარა გურიისა და სამეგრელოს რაიონებში არსებული რეგიონული ოფისები. იუსტიციის მინისტრი გეგმავს, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ების მუშაობას საქართველოს ყველა რეგიონში პირადად გაეცნოს.