ანტიკორუფციული საბჭოს სამუშაო ჯგუფმა ანტიკორუფციული ქსელის მესამე რაუნდის ანგარიში განიხილა

თარიღი: 10 დეკემბერი 2013
2013 წლის 10 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ანტიკორუფციული საბჭოს სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები;  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; ბიზნესმენები.
შეხვედრის მონაწილეებმა „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN) მიერ საქართველოს შეფასების მესამე რაუნდის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინეს. მასში ანტიკორუფციული კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში გატარებული რეფორმები და მათი შედეგებია ასახული. დოკუმენტში შეფასებულია, აგრეთვე, საქართველოს მხრიდან 2010 წლის ანგარიშის რეკომენდაციების  შესრულების პროცესი და გაცემულია ახალი რეკომენდაციები.
ღონისძიებაზე სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლებმა  ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით  საკუთარი უწყებების პოზიციებზე ისაუბრეს და  სამომავლო გეგმები დასახეს. შეხვედრის ფარგლებში  განიხილეს ახალი − 2014-2016 წლების, ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი თემატური სამუშაო ჯგუფების დებულება და იმსჯელეს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების სამომავლო პროცესზე.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში ცხრა თემატური სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელთა მიზანი  2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაა. სამუშაო ჯგუფის ამოცანებია: კორუფციის პრევენციისა და კორუფციული რისკების შემცირების მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება; კანონმდებლობის, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და სხვა დოკუმენტების ანალიზი; ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა; წინადადებებისა და დასკვნების შემუშავება/მომზადება და ანტიკორუფციული საბჭოსათვის წარდგენა.