იუსტიციის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

თარიღი: 06 დეკემბერი 2013
6 დეკემბერს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდს შეხვდა.
 
როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, აშშ სრულად იზიარებს საქართველოს მთავრობის პოზიციას ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.
 
„ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანა ჩვენი პარტნიორებისათვის და ეს პარტნიორობა უნდა გაგრძელდეს.  სხვადასხვა პრობლემები, რომლებიც ჩვენ გვაქვს − იქნება ეს ცუდად შესრულებული  ინფრასტრუქტურული პროექტები, ის უსამართლობა, რაც წარსულში იქნა დაშვებული, უნდა გავასწოროთ ისე, რომ დემოკრატიული პროცესი არ დაზიანდეს. აშშ გააგრძელებს საქართველოს სამართლებრივ დახმარებას სასამართლო რეფორმის პროცესში და ჩვენ ერთად მივიღებთ იმ შედეგს, რაც ჩვენს ხალხს სურს, კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი ჩვენ ინსტიტუციურ დემოკრატიას შევქმნით ამ ქვეყანაში“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
 
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისში დღეს ჩამოვიდა და, იუსტიციის მინისტრის გარდა,  საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და  თავდაცვის მინისტრს შეხვდა.  
 
 
დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
 
ვიქტორია ნულანდი ვიზიტს დღის ბოლოსთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე შეაჯამებს. 
 
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისში კიევიდან ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ  ვიქტორია ნულანდი მოსკოვში მიემგზავრება, სადაც  რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს შეხვდება.